პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს დღეს, 2 ივლისს, დააჯილდოებს. ადმინისტრაციის განცხადებაში დაზუსტებულია, რომ სახელმწიფო ჯილდო გადაეცემა ყველა წარდგენილ პირს. „საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს. სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის“, - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ასევე ნახეთ ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტი ღირსების ორდენზე წარდგენილ ყველა პირს დააჯილდოებს საქართველოს ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ წარადგინეს, რაც ფეხბურთელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, პენალტების სერიაში დაამარცხეს საბერძნეთი და ისტორიაში პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. კობახიძე-პაპუაშვილის მიერ წარდგენილი 53-კაციანი სიიდან, თავდაპირველად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულთა შორის არ იყო 13 ადამიანი (ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები, სამწვრთნელო შტაბისა და პერსონალის რამდენიმე წარმომადგენელი), თუმცა ღირსების ორდენი გადაეცა ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს. რამდენიმე ადამიანის გამოტოვების გამო, პრეზიდენტს თბილისის მერმა კახა კალაძემ უსაყვედურა. „განკარგულებაში უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები. კოლეგები და ადამიანები, ვინც მათთან ერთად იბრძოდა, წვლილი აქვს შეტანილი ამ გამარჯვებაში, გამოტოვა და დანარჩენს მისცა“, - თქვა კალაძემ. კალაძის კომენტარის შემდეგ კი მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ნაკრების წარმომადგენელთა დაყოფა მიუღებელია. „დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი“, - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციამ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი გამოაქვეყნა მორიგი განცხადება, რომლის თანახმად, ყველა წარდგენილ პირს გადაეცემოდა სახელმწიფო ჯილდოები: საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ფედერაციის წარმომადგენლებს და პერსონალს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა...