უეკიპაჟო კატერებით, ე.წ. საზღვაო დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკზე, სადაც სამხედრო-საზღვაო ბაზა და სხვა სამხედრო ობიექტებია განთავსებული. პირველი ცნობები აფეთქებების შესახებ ღამის სამი საათის შემდეგ გავრცელდა. ნოვოროსიისკის მცხოვრებნი სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ნახევარ საათზე მეტია, ზღვის მხრიდან აფეთქებები ესმით. მოგვიანებით ნოვოროსიისკის მერმა ანდრეი კრავჩენკომ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ სამხედროები უეკიპაჟო კატერების შეტევას იგერიებენ და ქალაქის მცხოვრებთ მოუწოდა, უსაფრთხო ადგილებში დარჩნენ და თავი შეიკავონ ზღვის მახლობლად, ღია სივრცეში ყოფნისგან. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნოვოროსიისკთან, შავ ზღვაში გაანადგურეს ორი უეკიპაჟო კატერი. უკრაინას დღევანდელი იერიშის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ნოვოროსიისკზე უპილოტო აპარატებით მასირებული შეტევა იყო 17 მაისსაც. უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერდა, რომ წყალზედა და საჰაერო დრონებით ჩატარებული მათი ერთობლივი ოპერაციის სამიზნე იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები და სხვა მცურავი საშუალებები. ...