ბელარუსის ნაცისტური დამპყრობლებისგან გათავისუფლების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ხელი მოაწერა კანონს "ამნისტიის შესახებ". დოკუმენტი სამართლებრივი აქტების ოფიციალური გამოცემის პორტალზეა განთავსებული. ერთი დღით ადრე, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს არაერთი მძიმედ ავადმყოფი, პირველ რიგში, ონკოლოგიური სენით დაავადებული პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მაგრამ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ამნისტია არ ვრცელდება პოლიტპატიმრებზე. ლუკაშენკას მიერ ხელმოწერილი ამნისტიის კანონი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც შედიან " ექსტრემისტულ საქმიანობაში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირების" სიაში, ასევე „ტერორისტულ საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციებისა და პირების, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმეების“ სიაში. ბელარუსში თითქმის ყველა პოლიტპატიმარი შედის ამ სიებში. კანონის თანახმად, ამნისტიას ექვემდებარებიან არასრულწლოვანები, ორსული ქალები, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ტუბერკულოზის გარკვეული ფორმის მქონე პაციენტები, კიბოთი დაავადებული და აივ ინფიცირებული მესამე და მეოთხე კატეგორიის ავადმყოფები; ჩერნობილის კატასტროფისა და სხვა რადიაციული ავარიების მსხვერპლები; სამხედრო სამსახურის დროს მოვალეობის შესრულებისას დაშავებული, დასახიჩრებული ან დაავადებული პატიმრები. ამნისტია არ ვრცელდება რეციდივისტებზე და არ შეეხება ასევე იმ სიკვდილმისჯილ პატიმრებს, რომლებსაც სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა, სამუდამო პატიმრობით შეეცვალათ. ადამიანის უფლებათა დაცვის ბელარუსული ორგანიზაციის, Viasna-ს თანახმად, 2024 წლის მაისის ბოლოსთვის, ჯანმრთელობის მიზეზების გამო ბელარუსში მინიმუმ 254 პოლიტპატიმარი იმყოფებოდა განსაკუთრებული რისკის ქვეშ. კიბოთი დაავადებული ერთ–ერთი პოლიტპატიმარი 29 წლის პაველ კუჩინსკია, რომელსაც მეოთხე სტადიის კიბო აქვს. მიუხედავად ამისა, ინტერნეტში კომენტარის გაკეთებისთვის მას მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში ოთხი წლითა და ცხრა თვით მიუსაჯეს პატიმრობა. კიბოს დიაგნოზი ასევე დაუსვეს 61 წლის გალინა დერბიშს, რომელსაც 20 წელი მიუსაჯეს. ბელარუსის რეჟიმმა ოპონენტების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიები დაიწყო 2020 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღის ჩასახშობად. კენჭისყრაში გამარჯვებულად გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. ბელარუსის ხელისუფლებამ ჩაახშო მასობრივი პროტესტი, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა. საპროტესტო გამოსვლების ასობით მონაწილე ციხეში ჩასვეს, ქვეყანა დატოვა ათასობით ადამიანმა. ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციები გამკაცრდა მას მერე, რაც ლუკაშენკას რეჟიმმ...