კრემლმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ 8-9 ივლისს რუსეთს ეწვევა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი. ის მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ამ ვიზიტის შესახებ რუსეთმა პირველად გამოაცხადა გასულ თვეში, მაგრამ მაშინ მოდის სტუმრობის თარიღები არ დაუზუსტებიათ. რუსეთს ინდოეთთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს ცივი ომის დასრულების შემდეგ, მაგრამ მოსკოვისთვის დელის, როგორც სავაჭრო პარტნიორის, მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ. მოდის ხელმძღვანელობის პერიოდში ინდოეთი თავს არიდებდა რუსეთის დაგმობას უკრაინაში აგრესიისთვის და აქცენტს აკეთებდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე. ნარენდრა მოდი უკანასკნელად 2019 წელს ესტუმრა რუსეთს. ...