სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მოქალაქეებმა ვერ გაიგეს, რომელმა პარლამენტარმა, მინისტრმა, მოსამართლემ თუ სხვა საჯარო მოხელემ მიუთითა საჯაროდ გამოსაქვეყნებელ მონაცემებში ქონების შესახებ არაზუსტი ინფორმაცია. 2023 წლის მონაცემებით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება ჰქონდა 6,7 ათასზე მეტ საჯარო მოხელეს. მათგან 500 სექტემბრამდე შეამოწმეს, 220 კი ბოლო ოთხ თვეში. მათ შორის იყო: პრემიერ-მინისტრი, 9 მინისტრი, 13 მინისტრის მოადგილე, 68 საქართველოს პარლამენტის წევრი, 5 მოსამართლე, 2 პროკურორი, 2 ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. ანტიკორუფციული ბიუროს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, სულ მცირე 113-მა საჯარო მოხელემ დეკლარაცია არასწორად შეავსო: 38%-ს დარღვევა ჰქონდა უძრავი ქონების ნაწილში, სადაც გამორჩენილი იყო უძრავი ქონება ან/და არასწორად იყო მითითებული უძრავი ქონების რეალური ფართი; 68%-ის შემთხვევებში არასწორად ან/და შეცდომით სხვა თარიღის მონაცემით იყო მითითებული საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთი, ასევე არ იყო მითითებული მულტისავალუტო ანგარიშების შემთხვევაში სხვა ვალუტის ანგარიშები ან/და მითითებული არ იყო საბანკო ანგარიშები; 29%-ის დეკლარაციაში არ იყო ასახული ინფორმაცია თანამდებობის პირის ან/და ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ; 64%-ს არ ჰქონდა სწორად დაანგარიშებული ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი, ან არ იყო დეკლარირებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც აღემატება კანონმდებლობით დადგენილ დეკლარირებისათვის სავალდებულო ზღვარს; 64%-ს დარღვევა ჰქონდა საანგარიშო პერიოდში მისი და მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებული შემოსავლის არასწორად დეკლარირების გამო; 81% დეკლარაციების უარყოფითად შეფასდა ოჯახის წევრების მონაცემების არასწორად მითითების გამო; 8% თანამდებობის პირების დეკლარაციების უარყოფითად შეფასება განაპირობა მათ მიერ დოკუმენტაციის კანონით დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობამ. ანტიკორუფციული ბიუროს 75-გვერიან ანგარიშში არ არის ამ 113 საჯარო მოხელის სახელი და გვარი ნახსენები. ეს მონაცემები ქვეყნდებოდა იმ დრომდე, სანამ დეკლარაციების დეპარტამენტი აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ ბიუროში გადავიდოდა. 2023 წლის ანგარიშში ანტიკორუფციული ბიურო თავადვე განმარტავს, რომ დეკლარაციის წარდგენის მიზნებია: ქონების შეძენის კანონიერებისა და კეთილსინდისიერების კონტროლი; სამსახურებრივი და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევების გამოვლენა და პრევენცია; ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა; ანგარიშვალდებულება საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე და საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგების არგამოქვეყენებით ანტიკორუფციული ბიურო არღვევს კან...