ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, ვლადიმირ კარა-მურზა, რომელიც 25-წლიან სასჯელს იხდის რუსეთის ომსკის ოლქის კოლონიაში, ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის (ФСИН) საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ იტყობინება მისი ცოლი, ევგენია, სოციალურ ქსელებში. ის წერს, რომ კარა-მურზას ადვოკატები მასთან საავადმყოფოში არ შეუშვეს. ევგენია კარა-მურზას თქმით, 4 ივლისს, ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის საავადმყოფოში, ადვოკატებს ჯერ განუცხადეს, რომ ასეთი პაციენტი მათ არ ჰყავდათ და მხოლოდ სამუშაო დღის ბოლოს დაადასტურეს მისი იქ გადაყვანა, მათ კი მეორე დღეს მოსვლა ურჩიეს. 5 ივლისს ადვოკატებს "პერიოდულად ჰპირდებოდნენ შეშვებას და სთხოვდნენ, მოეცადათ", მაგრამ საბოლოოდ, უთხრეს, რომ სამუშაო დღე დამთავრდა. შესაბამისად, იურისტებმა ვერ შეძლეს თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვა და იმის გაგება, თუ როგორ იყო ის. ვლადიმირ კარა-მურზას ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ის ივნისის შუა რიცხვებში კოლონიაში კამერული ტიპის ოთახის რეჟიმზე გადაიყვანეს ნახევარი წლით. ეს საპატიმროში ყოფნის ორიდან ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეჟიმია რუსულ ციხეებში, ე.წ. ციხე ციხეში. კარა-მურზა იქ იმიტომ გადაიყვანეს, რომ რამდენიმე წამი ხელები ზურგსუკან არ ჰქონდა მაშინ, როცა, ადმინისტრაციის აზრით, უნდა ჰქონოდა. ევგენია კარა-მურზა ამბობს, რომ მის ქმარს აქვს პოლინეიროპათია - სერიოზული ნევროლოგიური დაავადება, რომ ამ სენით დაავადებული პირები საპატიმროში არ უნდა მოათავსონ და, რომ მან გადაიტანა მოწამვლის ორი მცდელობა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა (რუსეთის ხელისუფლება კარა-მურზას მოწამვლის მცდელობებს უარყოფს, თუმცა მის გამოძიებაზე უარს ამბობს). კარა-მურზა 25-წლიან სასჯელს იხდის რუსეთში სახელმწიფო ღალატის, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და რუსულ არმიაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებებით. ის და მისი მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ მას მხოლოდ პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციის გამო დევნიან. Amnesty International-მა ის სინდისის პატიმრად აღიარა, "მემორიალმა" - პოლიტპატიმრად. პოლიტიკოსის გათავისუფლება მოითხოვეს არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და დასავლეთის ქვეყნების არაერთმა ხელისუფლებამ. ასევე ნახეთ როგორ ეპყრობა სისტემა პოლიტპატიმრებს პუტინის რუსეთში ...