სულ მცირე, 89 ადამიანი დაიღუპა დასავლეთ აფრიკაში, მავრიტანიის სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში სათევზაო ნავის ჩაძირვის შედეგად. მათი ცხედრები ნაპირზე გამოასვენეს. ათობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მავრიტანიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ცხრა მგზავრი, მათ შორის ხუთი წლის ბავშვი, გადაარჩინეს. ვარაუდობენ, რომ ბორტზე სულ 170 ადამიანი იმყოფებოდა. გადატვირთულ ნავზე იმყოფებოდნენ მიგრანტები მავრიტანიიდან, სენეგალიდან და გამბიიდან. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მიაღწევდნენ კანარის კუნძულებს, ესპანეთის ტერიტორიას, რომელიც მდებარეობს აფრიკის სანაპიროდან დაახლოებით 100 კილომეტრში და თავშესაფარს მოითხოვდნენ ევროკავშირში. ადგილობრივი მეთევზეების ასოციაციის ხელმძღვანელმა, იალი ფოლმა Reuters-ს განუცხადა, რომ შეიძლებოდა უფრო მეტი დაღუპული ყოფილიყო, რადგან ნავი რამდენიმე დღის წინ ჩაიძირა და ადგილობრივებმა დამარხეს პირველი ცხედრები, რომლებიც წყალმა ნაპირზე გამორიყა. მიგრანტები, რომლებიც ცდილობენ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში ჩასვლას, ხშირად მოგზაურობენ გადატვირთული ნავებით და ტივებითაც კი, რომლებიც არ არის განკუთვნილი გრძელი საზღვაო მოგზაურობისთვის. ხშირად მათ არ აქვთ საკვები და სასმელი წყალი. ასევე ნახეთ ევროკავშირმა ტუნისთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელმაც უნდა შეაჩეროს არალეგალური მიგრაცია აფრიკიდან ევროპისკენ ...