საფრანგეთის პარლამენტის ვადამდელი არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ულტრამემარჯვენეები მეორე ტურის შედეგად მესამე ადგლზე აღმოჩნდნენ. პირველობა მემარცხენეებმა მოიპოვეს, თუმცა, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი ხმები არცერთ პარტიას არ აქვს. 7 ივლისს ჩატარებული მეორე ტურის ოფიციალური შედეგები ცნობილია. საფრანგეთში არჩევნების შედეგებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. პირველ ადგილზე მემარცხენე პარტიების კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტია“, რომელსაც 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში 182 დეპუტატი ეყოლება. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული კოალიცია - 168 მანდატი. მესამე ადგილზე მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანებაა“ – 143 მანდატი. ამ თანმიმდევრობას აჩვენებდა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული ეგზიტპოლიც. ასევე ნახეთ საფრანგეთის არჩევნები: ამას არავინ ელოდა, თუმცა ეს დასასრული არ არის 7 ივლისს ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, პარლამენტში 45 დეპუტატი ეყოლება რესპუბლიკურ პარტიას. დანარჩენი მანდატები დამოუკიდებელ კანდიდატებს და პატარა პარტიებს შორის განაწილდა. ამომრჩეველთა აქტივობა 66,63% იყო. მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო მანდატები(289) ვერცერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ვერ მიიღო. პირველ ადგილზე გასული მემარცხენეების კოალიციის ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა უკვე უარყო ცენტრისტებთან ერთად კოალიციის შექმნის შესაძლებლობა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწოდა, „ახალ სახალხო ფრონტს“ დაავალოს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება. მაკრონმა ჯერ კიდევ მეორე ტურის წინ გამორიცხა მემარცხენეებთან კოალიცია. კოალიციური მთავრობის პერსპექტივას გამორიცხავენ ულტრამემარჯვენეების ლიდერები მარინ ლე პენი და ჟორდან ბარდელაც. მას შემდეგ, რაც მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ 8 ივლისს გადადგომის მიზნით მიმართავს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. ახალი მთავრობის ფორმირებამდე ატალი პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. გაბრიელ ატალი საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია. მან ეს თანამდებობა 2024 წლის იანვარში, 34 წლის ასაკში დაიკავა. საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2024 წლის ივნისში, ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტებთან ცენტრისტული კოალიციის დამარცხებას მოჰყვა პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილება ეროვნული პარლამენტის დათხოვნის შესახებ. საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 30 ივნისს ჩატარდა, ყველაზე მეტი ხმა ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ კანდიდატებმა მიიღეს. მეორე ადგილზე იყო მემარცხენეთა ალიანსი „ახალი სახალხო ფრონტი...