მარინ ლე პენის საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“, გადაწყვიტა ევროპარლამენტში შეუერთდეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ინიციატივით შექმნილ ოპოზიციურ მემარჯვენე პოპულისტურ ფრაქციას. „ეროვნული გაერთიანება“ პირველ ადგილზე გავიდა საფრანგეთში გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში, მაგრამ მხოლოდ მესამე იყო საფრანგეთში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით. ევროპარლამენტში შექმნილ ახალ ფრაქციაში "ევროვნული გაერთიანების" გაწევიანების შესახებ ორშაბათს, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში არჩევნების შედეგების შეჯამებიდან მეორე დღეს გამოცხადდა. ამგვარად „ეროვნული გაერთიანება“ გახდება ყველაზე დიდი ძალა ახალ ფრაქციაში, ხოლო ულტრამემარჯვენეთა ალიანსს პარტიის ლიდერი ჯორდან ბარდელა ოფიციალურად უხელმძღვანელებს. თავდაპირველად, 30 ივნისს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ავსტრიის ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიის" ლიდერმა ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს. ალიანსში, რომელსაც "პატრიოტები ევროპისთვის" ჰქვია, გაწევრიანების სურვილი მოგვიანებით გამოთქვეს ჰოლანდიის პარტიამ მშვიდობისთვის (PVV), ბელგიის პარტია Vlaams Belang-მა და ნიდერლანდების სახალხო პარტიამ. ალიანსში გაწევრიანების თაობაზე განცხადება გააკეთეს ასევე მატეო სალვიმის იტალიურმა "ლიგამ" და ლატვიის პარტიამ "ლატვია პირველ ყოვლისა". ამრიგად, ახალი მოწვევის ევროპარლამენტში ევროპელ ულტრამემარჯვენეებს ეყოლებათ მინიმუმ 84 დეპუტატი ევროკავშირის 10 - ზე მეტი ქვეყნიდან, ხოლო თავად ფრაქცია, სახელწოდებით "პატრიოტები ევროპისთვის", ევროპარლამენტში სიდიდით მესამე და ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა გახდება. ჯგუფის მანიფესტი მოიცავს ულტრამემარჯვენე ძალებისთვის ტრადიციულ ფოკუსს ეროვნული სუვერენიტეტის შენარჩუნებაზე ევროკავშირთან მიმართებით, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას და კლიმატის ცვლილებების შემცირებისთვის ევროკავშირის მიერ გატარებული ზომების შემსუბუქებას. ასევე ნახეთ ვიქტორ ორბანი, ჩეხეთის ექსპრემიერი და ავსტრიელ ულტრამემარჯვენეთა ლიდერი ევროპარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნიან ასევე ნახეთ ორბანის ულტრამემარჯვენე ალიანსი ევროპის პარლამენტში ჯგუფის სტატუსს მიიღებს ...