უკრაინის დედაქალაქ კიევში დასრულდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელიც 8 ივლისიდან მიმდინარეობდა რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევის შემდეგ. ოპერაცია დასრულებულად დღეს, 10 ივლისს დილით, გამოაცხადა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. ოფიციალური მონაცემებით, 8 ივლისის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 33 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. დაშავდა 121, მათგან 10 ბავშვი. მაშველებმა 11 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 8 ივლისს რუსეთის სარაკეტო შეტევისას კიევში დაინგრა ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდეტის“ ერთი კორპუსი. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპნენ კლინიკის ექიმი და ერთ-ერთი პაციენტის ნათესავი. ნაწილობრივ დაინგრა კერძო სამედიცინო ცენტრი „ადონისიც“, სადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა. კიევის ადმინისტრაციის ცნობითვე, შევჩენკოს რაიონში სახლის ერთი სადარბაზოს ნგრევის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი. ამავე რაიონში მდებარე სამრეწველო ობიექტის ნგრევამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შვიდი ადამიანი დაიღუპა სოლომენსკის რაიონში მდებარე ბიზნესცენტრ „დომინოში“. 8 ივლისის მასირებული სარაკეტო შეტევისას 10 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგშიც. ასევე ნახეთ უკრაინა ნატოს სახელმწიფოებისგან მიიღებს საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე, დარტყმა უარყო და განაცხადა, რომ ნგრევა გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტის ჩამოვარდნამ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია რუსული ფრთოსანი რაკეტის(Х-101) ფრაგმენტები. უკრაინამ გამოძიება ომის დანაშაულის მუხლით დაიწყო. გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა დანიელ ბელმა 9 ივლისს განაცხადა, რომ კიევში, ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე, გაკეთებული ვიდეოჩანაწერები და დარტყმის ადგილის შეფასება მიუთითებს, რომ სამედიცინო დაწესებულებას რუსული რაკეტა მოხვდა. ...