გერმანიის ბუნდესტაგის წევრის, თომას ჰაკერის თანახმად, 2024 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე, მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ, თუმცა დასძენს, რომ იმ დღეებში რუსთაველის გამზირზე თავი საფრთხეში არ უგრძნიათ. „ჩვენი, ბუნდესტაგის დელეგაცია, უნდა შეხვედროდა საქართველოს პარლამენტის დელეგაციას. პარლამენტმა განგვიცხადა, რომ ისინი ვერ აგებდნენ პასუხს ჩვენს უსაფრთხოებაზე, იმიტომ რომ ქუჩაში იყო არეულობა. თუმცა დემონსტრაცია საღამოს იყო დაგეგმილი, ჩვენ შუადღეს გვქონდა შეხვედრა დაგეგმილი. გვითხრეს, რომ ვერ უზრუნველყოფდნენ ჩვენს უსაფრთხოებას. ეს იყო მათი განმარტება“, - განაცხადა 10 ივლისს თბილისში მორიგი ვიზიტით მყოფმა თომას ჰაკერმა რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად. პრესკონფერენცია სასტუმრო „ჰილტონ გარდენში“ გაიმართა. რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ პარლამენტის დასახელებული მიზეზი ნამდვილი იყო, თუ მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებს დელეგაციასთან შეხვედრა არ უნდოდათ, თომას ჰაკერმა განაცხადა: „ჩემი ინფორმაციით, არ ყოფილა შეთავაზება, რომ სხვაგან, მაგალითად, ჩვენთან, სასტუმროში შევხვედროდით ან შევხვედროდით პარლამენტის უფრო მცირე დელეგაციას. ჩვენ მთელი საღამო დავდიოდით რუსთაველზე, ასევე, მომდევნო დღესაც და თავი საფრთხეში არ გვიგრძნია... [მაგრამ] ასეთი იყო პარლამენტის გადაწყვეტილება“. თომას ჰაკერი, რომელიც ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრია, არის თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის სპიკერი ევროპული პოლიტიკის საკითხებზე. გერმანიის ბუნდესტაგის ის დელეგაცია, რაზეც პარლამენტარი ჰაკერი საუბრობს, 28 აპრილიდან 2 მაისამდე იმყოფებოდა საქართველოში. ეს ის პერიოდია, როდესაც განსაკუთრებით გამწვავდა დასავლელი პარტნიორების კრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი, რომელმაც ხელახლა შეიტანა „აგენტების კანონი“ პარლამენტში. მმართველმა გუნდმა, ერთი მხრივ, საპროტესტო დემონსტრაციებისა და, მეორე მხრივ, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანების მიუხედავად, ივნისში საბოლოოდ მიიღო იგი. три აპრილში გერმანიის ბუნდესტაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის დელეგაციას აკომპლექტებდნენ: კომიტეტის თავმჯდომარე კატრინ ბუდე (SPD); დეპუტატი მარტინ რაბანუსი (SPD - სოციალ-დემოკრატიული პარტია) მიხაელ ზახერი (კავშირი 90/მწვანეები) თომას ჰაკერი (FDP - თავისუფალი დემოკრატიული პარტია). გერმანიის საელჩოში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, 29 აპრილს, დაგეგმილი იყო ბუნდესტაგის დელეგაციისა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ერთობლივი სხდომა. თუმცა სხდომა, საელჩოს თანახმად, „საქართველ...