უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება და ნატოს სამიტში მონაწილეობს, 11 ივლისს, სამიტის დასრულების შემდეგ, ფლორიდაში გაემგზავრება და შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, შეხვდება. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი იუწყება ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. შეხვედრა საკურორტო ქალაქ პალმ-ბიჩში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართება. დონალდ ტრამპს, რომელიც 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატია, არაერთხელ უთქვამს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებს. როგორ - არ დაუკონკრეტებია. ტრამპს პრეზიდენტობის პერიოდში ხშირად აკრიტიკებდნენ რუსეთის პრეზიდენტ პუტინისადმი სიმპათიის გამო. ივლისის დასაწყისში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „სამშვიდობო მისიით“ იმყოფებოდა კიევსა და მოსკოვში, შემდეგ კი მოლაპარაკება გამართა ჩინეთში. როგორც Bloomberg-ი წერს, ტრამპთან სტუმრობა, სავარაუდოდ, გააძლიერებს ეჭვებს, რომ ორბანი ტრამპსა და პუტინს შორის შუამავლის როლს ასრულებს. ამასთან, სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს თანახმად, დონალდ ტრამპს ვიქტორ ორბანისთვის არ უთხოვია რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებისთვის რაიმე საფუძვლის ჩაყრა. ტრამპმა ორბანს ფლორიდაში, თავის რეზიდენციაში უმასპინძლა 2024 წლის მარტშიც. მაშინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად „მკაფიო ხედვა“ აქვს. ასევე ნახეთ ორბანი: ტრამპი ომს აღარ დააფინანსებს და ის დასრულდება ევროკავშირის და ნატოს წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც კრემლთან კარგი ურთიერთობა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც შეინარჩუნა, „სამშვიდობო მისიით“ 2 ივლისს იმყოფებოდა კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, ხოლო 5 ივლისს მოსკოვში მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ორბანმა ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, რაზეც უარი მიიღო. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა, მაგრამ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ასევე ნახეთ ზელენსკი: ორბანი ვერ იქნება შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის კიევის და მოსკოვის შემდეგ, 8 ივლისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან. ევროკავშირმა და ნატომ განაცხადეს, რომ ორბანი მათი სახელით და უფლებამოსილებით არ მოქმედებს. 1 ივლისიდან უნგრეთი ექვსი თვით გახდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ასევე ნახეთ „სამშვიდობო მისია 3.0“ - კიევისა და მოსკოვის შემდეგ, ორბანი ჩინეთში ჩავიდა ...