უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, დაახლოებით 23 500 უკრაინელი კაცი შევიდა არალეგალურად მოლდოვაში. ეს მონაცემები რადიო თავისუფლების მოლდოვურმა სამსახურმა მოიპოვა. თუ 2022 წლიდან შარშანდელი წლის ბოლომდე, მოლდოვაში 18-59 წლის ასაკის დაახლოებით 15 ათასი უკრაინელი კაცი შევიდა, ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად გაიზარდა მას მერე, რაც წელს, აპრილში, უკრაინის მთავრობამ სამხედრო მობილიზების ასაკი 27-დან 25 წლამდე შეამცირა. მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, წლევანდელი წლის პირველ ხუთ თვეში, უკრაინიდან მოლდოვაში 7700-ზე მეტმა უკრაინელმა კაცმა გადაკვეთა საზღვარი უკანონოდ. უკრაინას და მოლდოვას 1222-კილომეტრიანი საზღვარი ყოფს ერთმანეთისგან. კიშინიოვმა და ქვეყნის პროდასავლურად განწყობილმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ათასობით უკრაინელ ლტოლვილს, ძირითადად ქალებს და ბავშვებს, ასევე კაცებს, მისცა ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობა. უკრაინის მთავრობა აღიარებს, რომ დიდი დანაკარგები და ჩიხური ვითარება ფრონტის ხაზზე, ახშობს ომის პირველი თვეების პატრიოტულ ენთუზიაზმს, როცა უკრაინის არმიის რიგები 260 ათასიდან 700 ათასამდე გაიზარდა. მობილიზაციის მცდელობას წინააღმდეგობა ახლავს, რადგან ჯანმრთელი კაცები იმალებიან, რათა თავი აარიდონ შემოწმებებს უკრაინის ქალაქების ქუჩებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასევე ნახეთ რატომ დაიკეტა უკრაინის საზღვარი უცხოეთში ბინადრობის უფლების მქონე მოქალაქეებისთვის? ...