„კენჭისყრა მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია შიშების გაფანტვა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატოს ვაშინგტონის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც თითქმის ერთ საათს გრძელდებოდა. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვების უდიდესი უმრავლესობა სწორედ საპრეზიდენტო კამპანიაში მის დარჩენას შეეხებოდა, რაც აქტუალური 27 ივნისს დონალდ ტრამპთან დებატებზე მისი წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ გახდა. ასევე ნახეთ ბაიდენზე დემოკრატების მხრიდან მზარდი ზეწოლაა, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე კრიტიკის პასუხად ჯო ბაიდენმა დაჟინებით განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ახალდაწყებულია და დარწმუნებულია იმაში, რომ დაამარცხებს მეტოქეს. ამასთან, ჯო ბაიდენს პრესკონფერენციის დასაწყისში კვლავ ჰქონდა წამოცდენა. მან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისზე საუბრის დროს შეცდომით დონალდ ტრამპი მოიხსენია ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტად. "მე არ ავირჩევდი ვიცე-პრეზიდენტად ტრამპს, რომ არ ვფიქრობდე, რომ იგი შეეფერება პრეზიდენტის თანამდებობას", - აღნიშნა ბაიდენმა. კიდევ ერთი შეცდომა ჯო ბაიდენმა ნატოს სამიტის დახურვის დროს წარმოთქმულ სიტყვაში დაუშვა, როდესაც ტრიბუნაზე თავის გვერდით მდგარი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტში აერია. "ახლა კი მსურს სიტყვა გადავცე უკრაინის პრეზიდენტს, რომელშიც იმდენივე სიმამაცეა, რამდენიც სიმტკიცე. ქალბატონებო და ბატონებო, პრეზიდენტი პუტინი", - წარმოთქვა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მაგრამ შეცდომა მყისვე შეასწორა და შეეცადა პუბლიკა დაერწმუნებინა, რომ "განზრახული აქვს დაამარცხოს პუტინი". ასევე ნახეთ "ჩვენ გავაერთიანეთ ძალისხმევა პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ“ - ჯო ბაიდენი 81 წლის ბაიდენი თითქმის ორი კვირაა ცდილობს, ზურგი არ შეაქციონ დემოკრატმა კანონმდებლებმა და სხვა პირებმა, რომლებიც შიშობენ, რომ 27 ივნისს დებატებზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, შეიძლება 5 ნოემბერს კენჭისყრა წააგოს 78 წლის რესპუბლიკელ დონალდ ტრამპთან. ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ სამიტზე შეკრებილი მოკავშირე ქვეყნების ლიდერები მასთან საუბარში ამბობდნენ, რომ "უნდა დაამარცხოს ტრამპი", რადგან ტრამპის გამარჯვება "კატასტროფა იქნება". ...