12 ივლისს გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიღებული წერილის შესახებ ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს, თუმცა არც მოტივირებული შენიშვნებით არ დააბრუნა პარლამენტში, რაც ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტმა შესწორებას ვეტო არ დაადო. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დღეს თავად მოაწერს ხელს დოკუმენტს, რომელიც "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდება და ძალაში შევა. კანონში შესული ცვლილების თანახმად, საპენსიო დანაზოგების მფლობელებს უფლება აღარ ექნებათ, საკუთარი თანხის მართვა კერძო კომპანიას მიანდონ. ცვლილებას აკრიტიკებდა ოპოზიცია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი კიდევ უფრო შორს წავიდა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ ახალ კანონს მავნებლური და კიდევ ერთი [„აგენტების“ და ე.წ. ოფშორების კანონებთან ერთად] „რუსული კანონი“ უწოდა. „ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა ამ ქვეყნის, რომ შეიქმნა საპენსიო ფონდი და შეიძლებოდა, “ოცნებას” თავი მოეწონებინა ამით, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანაა, რაც ძალიან საშიში მიმართულებაა“, - თქვა ზურაბიშვილმა 3 ივნისს. საპენსიო ფონდში ეროვნული ბანკის უფლებები გაიზრდება. მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სებ-ს შეეძლება თანამდებობიდან გაათავისუფლოს ფონდის დირექტორატის წევრი [გენერალური დირექტორი, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, მთავარი რისკის ოფიცერი და შიდა აუდიტის უფროსი]. ასევე ნახეთ თქვენ მაგივრად მთავრობა გადაწყვეტს, სად დააბანდოს თქვენი პენსია - როგორ იცვლება მილიარდიანი ფონდის მართვა ...