„დღესვე გამოცხადდება ტენდერი ავტობუსების შეძენაზე“, - თქვა რუსთავის მერმა. თვითმმართველი ქალაქი გეგმავს შეიძინოს შშმ პირებზე ადაპტირებული 70 ახალი ავტობუსი. მათგან 60 ამ ხაზებზე ყოველდღიურად იმოძრავებს. თითოეულ ავტობუსს 28 მგზავრის გადაყვანა შეეძლება. ამ საქალაქთაშორისო ხაზებზე მოძრავ ავტობუსებს დედაქალაქში BUSLane-ებში შეეძლება გადაადგილება. რუსთავის მერის ინფორმაციით, ყოველდღიურად რუსთავიდან თბილისში 30 ათასი ადამიანი მგზავრობს. მათი დიდი ნაწილი საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს: მუნიციპალური სამსახურის 12 ავტობუსს რუსთავიდან თბილისში (ისნამდე) მიჰყავს მგზავრები; გარდა ამისა, კერძო კომპანია „ინტერტრანსს“ ეკუთვნის 11 ხაზი, სადაც დღეში 100-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდება. ბრიფინგის შემდეგ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "ინტერტრანსი" ახალი მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანის შემდეგაც გააგრძელებს მუშაობას. მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობის ღირებულება 1,5 ლარია, კერძო მიკროავტობუსით კი - 2,5 ლარიდან 3 ლარამდე. დამატებით, ავტობუსებში სტუდენტებისთვის მოქმედებს საშეღავათო ტარიფები. ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს კომპანიის მიმართ, რომელიც, ქალაქის მერიის არაერთი განცხადებით, არღვევს თვითმმართველობასთან გაფორმებულ პირობებს, არ რთავს კონდიციონერს, სამარშრუტო მიკროავტობუსებში დამონტაჟებული აქვს ზედმეტი სკამები, არ ხდება ავტოპარკის განახლება. ...