ნეპალში მაშველები ეძებენ 60-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ მას შემდეგ, რაც მეწყერმა ორი სამგზავრო ავტობუსი ადიდებულ მდინარე ტრიშულიში ჩაიტანა. ქვეყნის დედაქალაქ კატმანდუდან დასავლეთით, დაახლოებით 90 კილომეტრის მოშორებით მიმდინარე მასშტაბურ სამძებრო ოპერაციაში სამხედროები მონაწილეობენ. ოპერაციას ართულებს წყალდიდობა, ადიდებული მდინარის ტალახიანი წყალი კი საფრთხეს უქმნის თავად მაშველებსაც, იტყობინება Reuters-ი. ცნობილია, რომ გადარჩა სამი ადამიანი, რომლებმაც ავტობუსიდან გადახტომა მანამდე მოასწრეს, სანამ მეწყერი მას მდინარეში ჩაიტანდა. უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტობუსებში - საბუთების მიხედვით, მათი რაოდენობა 62 იყო, მაგრამ მძღოლებს შესაძლოა, არარეგისტრირებული მგზავრებიც წაეყვანათ. ავტობუსების მგზავრთა შორის იყო ინდოეთის შვიდი მოქალაქე. ოფიციალური მონაცემებით, ივნისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ძლიერი მუსონური წვიმებით გამოწვეული წყალდიდობებისა და მეწყრების შედეგად ნეპალში 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ასევე ნახეთ ნეპალში დააკავეს 12 პირი, რომლებიც მოხალისეებს აგროვებდნენ რუსეთის არმიაში საბრძოლველად ...