პოლონეთის სეიმმა ვერ მიიღო საკანონმდებლო შესწორება ქვეყანაში აბორტების აკრძალვის შესახებ არსებული იმ კანონის შესამსუბუქებლად, რამაც უკვე გამოიწვია რამდენიმე ქალის სიკვდილი. მკაცრი ნორმების ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 215-მა დეპუტატმა, მათ შორის პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ცენტრისტულმა პარტიამ, წინააღმდეგი იყო 218 კონსერვატიული დეპუტატი, კიდევ ორმა თავი შეიკავა. კანონპროექტი ითვალისწინებდა სასჯელის გაუქმებას იმ პირებისთვის, რომლებიც ქალებს აბორტის გაკეთებაში ეხმარებიან. აკრძალვის შემსუბუქება დონალდ ტუსკის საარჩევნო პროგრამის მთავარი ელემენტი იყო. პოლონელი მემარცხენე დეპუტატები აპირებენ ისევ და ისევ წარადგინონ კანონპროექტი, სანამ ბოლოს და ბოლოს მას არ მიიღებენ. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, რომელიც კონსერვატიული პარტიის "სამართლისა და სამართლიანობის" ერთ-ერთი ლიდერია, კვლავ განაცხადა, რომ არ მოაწერს ხელს შემამსუბუქებელ კანონპროექტს, რადგან, მისი აზრით, "აბორტი არის ადამიანების მკვლელობა". აბორტების აკრძალვის კანონის გამო, რომელიც სერიოზული გენეტიკური დარღვევების შემთხვევაშიც კი არ იძლევა ნაყოფის მოშორების უფლებას, პოლონეთში რამდენიმე ქალი უკვე გარდაიცვალა. ექიმებმა უარი თქვეს ორსულობის შეწყვეტაზე, სისხლისსამართლებრივი დევნის შიშით (უკვე არსებობს სასჯელი "აბორტის შეწყვეტისთვის"). დედის საშოში ხუთი თვის ნაყოფის სიკვდილით გამოწვეული სისხლის მოწამვლის შედეგად ქალის გარდაცვალების შემდეგ, პოლონეთში გასული წლის ივნისში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. ამჟამად მოქმედი კანონით, პოლონეთში აბორტის გაკეთება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფეხმძიმობა გაუპატიურების შედეგია ან თუ საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს. 2023 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად პოლონეთის მთავრობაში მოვიდა ლიბერალური კოალიცია პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით. ხოლო კონსერვატიული პარტია, "სამართალი და სამართლიანობა", რომელიც 8 წლის განმავლობაში მართავდა პოლონეთს, ოპოზიციაში გადავიდა მიუხედავად იმისა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო. ასევე ნახეთ ვარშავაში გაიმართა ხალხმრავალი აქცია პრემიერ ტუსკის მთავრობის წინააღმდეგ ასევე ნახეთ პოლონეთში გრძელდება აქციები აბორტის წესების გამკაცრების წინააღმდეგ ...