დღეს, 15 ივლისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს. პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ თუკი პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეცდება, რომ პარლამენტის მუშაობას ხელი შეუშალოს, სხდომის დანიშვნის შესახებ შემდეგ თავად გამოაცხადებს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით იწვევს რიგგარეშე სესიას. თუ წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში პრეზიდენტმა მოწვევის აქტი არ გამოსცა, პარლამენტი თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. პაპუაშვილის თქმით, რიგგარეშე სესია 18-19 ივლისს გაიმართება. 18 ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოუსმენს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს და ამავე დღეს მის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე დადებითად დაახასიათა გიორგი გაბიტაშვილი და თქვა, რომ მმართველი გუნდი, დიდი ალბათობით, მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. 19 ივლისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე და მას იმავე დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. ამ კანონპროექტის საბოლოოდ მიღებას საპარლამენტო უმრავლესობა სექტემბერში გეგმავს. პარლამენტის საგაზაფხულო სესია 28 ივნისს დაიხურა, მე-10 მოწვევის პარლამენტში ბოლო საშემოდგომო სესია კი 3 სექტემბერს გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის არჩევნების წელს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. ...