იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი რგოლია. საბჭო ნიშნავს მოსამართლეებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, ასევე არჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად უგზავნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებსაც. საბჭოში სულ 15 წევრია, მათგან ექვსი არ არის მოსამართლე. ექვსი არამოსამართლე წევრიდან ერთს პრეზიდენტი ნიშნავს, ხუთს - პარლამენტი ამტკიცებს. კახა წიქარიშვილს მაგისტრის ხარისხი ვაშინგტონის სამართლის კოლეჯში მიენიჭა. 1999-2001 წლებში იგი მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა უზენაეს სასამართლოში, მომდევნო წლების განმავლობაში კი - სხვადასხვა ორგანიზაციაში. 2016 წელს კახა წიქარიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე გახდა. მას შემდეგ, რაც ნინო გვენეტაძემ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, მან კი - თანაშემწის, წიქარიშვილმა საჯაროდ ილაპარაკა სასამართლოს სისტემაში არსებულ პრობლემებსა და ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზებზე. „მან აირჩია პოლიტიკა კლანთან თანამშრომლობის და არა ბრძოლის. თანამშრომლობის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ის ერთი დღე დაეთანხმა კლანს, მეორე დღე დაეთანხმა, მესამე დღე და როდესაც მივიდა პიკამდე, რომ კლანის მსახური უნდა გამხდარიყო, მოსამსახურე ამ კლანის, ამ პიკზე გადადგა ზუსტად“, - თქვა წიქარიშვილმა გვენეტაძის გადადგომის შესახებ. მას შემდეგ კახა წიქარიშვილი ღიად საუბრობდა სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობაზე. ის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ესწრებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებებსაც. три იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის დანიშნულ მოქმედ წევრს, თამარ ღვამიჩავას, უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება. კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობდნენ: გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე; დიმიტრი გაბუნია - პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი; მანუჩარ კაკოჩაშვილი - ადვოკატი. მას ერთხელ უკვე სურდა ამ თანამდებობის დაკავება, თუმცა პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა; კახა წიქარიშვილი - დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი; თამარ ალფაიძე - სეუ-ს პროფესორი. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ამ ხუთი კანდიდატიდან რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს გაუწია. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი მათ შორის წიქარიშვილი გამოარჩია. ...