18 ივლისს, 12:00 საათიდან, დაიწყება პარლამენტის რიგგარეშე სესია, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სესიის მოწვევის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, 15 ივლისს მიმართა წერილობით. 16 ივნისს ზურაბიშვილმა მოთხოვნა დააკმაყოფილა. პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ თუკი პრეზიდენტი ზურაბიშვილი პარლამენტის მუშაობისთვის ხელის შეშლას ეცდებოდა, პროცედურის მიხედვით, 48 საათის გასვლის შემდეგ, სხდომის დანიშვნის შესახებ თავად გამოაცხადებდა. ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი. პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ ინიციატორის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. ცნობილია, რომ 18 ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოუსმენს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს და ამავე დღეს მის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე დადებითად დაახასიათა გიორგი გაბიტაშვილი და თქვა, რომ მმართველი გუნდი, დიდი ალბათობით, მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. 19 ივლისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე და მას იმავე დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. ამ კანონპროექტის საბოლოოდ მიღებას საპარლამენტო უმრავლესობა სექტემბერში გეგმავს. პარლამენტის საგაზაფხულო სესია 28 ივნისს დაიხურა, მე-10 მოწვევის პარლამენტში ბოლო საშემოდგომო სესია კი 3 სექტემბერს გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის არჩევნების წელს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. ...