16 ივლისს აშშ-ის სენატორი ბობ მენენდესი დამნაშავედ ცნეს მისთვის წაყენებულ ყველა, 16 ბრალდებაში, მათ შორის - ქრთამის აღებაში. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები 12 საათზე მეტხანს მსჯელობდნენ სამი დღის განმავლობაში, სანამ გამოიტანდნენ განაჩენს პროცესზე, რომელიც ცხრა კვირა გრძელდებოდა. 70 წლის მენენდესმა არ აღიარა დანაშაული, წაყენებული ბრალდებები, რომელთა შორის იყო მისი, როგორც უცხოური აგენტის, ქმედებები და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა. აშშ-ის საოლქო მოსამართლემ სიდნი სტეინმა მენენდესისთვის განაჩენის გამოცხადება 29 ოქტომბრისთვის დანიშნა, ერთი კვირით ადრე 5 ნოემბრის არჩევნებამდე, რომელშიც ის კენჭს იყრის სენატში, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა მიიჩნევენ, რომ მას გამარჯვების მცირე შანსი აქვს. მსჯავრდადებიდან მალევე, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა, მენენდესს გადადგომისკენ მოუწოდა. სასამართლო პროცესის ყურადღების ცენტრში იყო ის, რასაც ფედერალურმა პროკურორებმა მექრთამეობის სქემები უწოდეს, როცა ბობ მენენდესმა და მისმა ცოლმა ნადინმა მიიღეს ასობით ათასი დოლარი ნაღდი ფული, ოქროს ზოდები, მანქანის საფასური და ბანკის ვალი მათ დაუფარა სამმა ბიზნესმენმა, რომლებსაც სენატორის დახმარება სჭირდებოდათ. ქრთამების სანაცვლოდ, მენენდესი ეხმარებოდა მილიარდობით დოლარის ოდენობის ამერიკული დახმარების გამოყოფას ეგვიპტეში, სადაც ერთ-ერთ ბიზნესმენს, ვაელ ჰანას, პროკურატურის თქმით, კავშირები ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მენენდესი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა გავლენიანი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ბრალი წაუყენეს გასულ სექტემბერს, თუმცა იგი წინააღმდეგობას უწევდა თავისი კოლეგა-დემოკრატების მოწოდებებს გადადგომის შესახებ. ნადინ მენენდესს ცალკე გაასამართლებენ, მოგვიანებით. ის არ დასწრებია ქმრის სასამართლო პროცესს მას შემდეგ, რაც მკერდის კიბო დაუდგინეს. ასევე ნახეთ წამყვანი ამერიკელი სენატორი ნატოს წევრ ქვეყნებს რუსული წარმოების გამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდებს ...