მისი სიტყვებით, უკანონოდ წაართვეს ტელეფონი, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ტელეფონის მეორედ წართმევის დროს უკანონოდ შეაგროვეს მისი პირადი ხასიათის ინფორმაცია. თორნიკე ობოლაშვილი მომხდარს დეტალურად აღწერს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელშიც ჰყვება, რომ შეხვედრისას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ორმა პოლიციელმა განუმარტა, რომ მისი იდენტიფიცირება სურდათ. როგორც ის ჰყვება, ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრა, რომ ზედაპირულად უნდა შეემოწმებინათ, რაზეც დათანხმდა, ამის შემდეგ კი ჩანთის გახსნა მოსთხოვეს. "უარი განვაცხადე, განვუმარტე, რომ ჩანთაში არაფერი უკანონო არ მედო, რომ ვიყავი იურისტი, ვიცოდი ჩემი უფლებები და რომ თუ ჩემი ჩანთის გახსნა უნდოდათ მაშინ უნდა ეწარმოებინათ ჩხრეკა, შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამის შემდგომ, ამავე პოლიციელი გადავიდა აშკარა მუქარის ტონზე და მითხრა რომ თუ ჩანთას არ გავხსნიდი, მაშინ 3 საათით დამაყოვნებდა ადგილზე და ვერსად წავიდოდი. აღნიშნულზე ვუპასუხე, რომ მისი მუქარა იყო არაკანონიერი და კიდევ რამდენჯერმე მოვითხოვე დაებრუნებინათ ჩემი პირადობის მოწმობა და გავეშვი, რადგან მეგობართან შესახვედრად მაგვიანდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს გადავიღებდი ვიდეო კამერით. ჩემი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ისინი არ მიბრუნებდნენ პირადობის მოწმობას, მეუბნებოდნენ, რომ თუ მართლა მეჩქარებოდა მაშინ გამეხსნა ჩანთა და თან მეუბნებოდნენ რომ ნუ ვკანკალებდი (არ ვკანკალებდი). ასე ვიყავით დაახლოებით 5 წუთი, რის შემდეგაც ამოვიღე ჩემი მობილურის ტელეფონი და ჩავრთე კამერა, რათა ამესახა ამ პოლიციელების უკანონო ქმედებები. როგორც კი დაინახეს, რომ გადაღება მართლა დავიწყე, მაშინვე ორივე შეხმატკბილებულად მომვარდა, ტელეფონი წამართვეს, ხელები ძლიერად გადამიგრიხეს და სწრაფი ტემპით წამიყვანეს მათი მანქანისკენ. მე არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია... სანამ მანქანამდე მივედით გზაზე წამაქციეს და ასფალტზე დამაგდეს, რის შედეგადაც იდაყვიდან და თითებიდან სისხლი წამომივიდა. ამ დროს გავიგე, რომ ერთ-ერთმა მათგანმა რაციით დამხმარე ეკიპაჟიც გამოიძახა. მალევე მანქანის უკანა სავარძელზე ძალით ჩამაგდეს, ერთი პოლიციელი საჭესთან დაჯდა, ხოლო მეორე ჩემს გვერდით და ხელი ძლიერად გადამიგრიხა. ამ დროს დამხმარე ეკიპაჟიც მოუვიდათ და უკანა სავარძელზე კიდევ ერთი პოლიციელი მომიჯდა, რომელმაც მეორე ხელიც გადამიგრიხა. ასე მიმიყვანეს თემქის პოლიციის განყოფილებამდე. მანქანიდან ისევ ძალით გადმომიყვანეს და შემიყვანეს პოლიციის განყოფილებაში", - ჰყვება ობოლაშვილი. იგი იხსენებს განყოფილებაში ყოფნის პერიოდსაც და ჰყვება, რომ პოლიციელებს მის მიმართ "აგდებული" დამოკიდებულება ჰქონდათ და კვლავ ითხოვდნენ ჩანთის გახსნას. ობოლაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ არ მისცეს ადვოკატთან დარეკვი...