ურზულა ფონ დერ ლაიენი 19 ივლისს მეორე ვადით აირჩიეს ევროპული კომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე - მას შემდეგ, რაც გამოვიდა პირობით, რომ შექმნის "ევროპის თავდაცვის ერთობას" და შეინარჩუნებს ევროპის "მწვანე ტრანზიციის" კურსს. ევროპის პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ფონ დერ ლაიენის კიდევ ხუთი წლის ვადით დარჩენას ევროკავშირის ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს ხელმძღვანელად. ხმათა თანაფარდობა იყო 401 - 284-ზე. ევროპის პარლამენტს სულ 720 დეპუტატი ჰყავს. მანამდე, პარლამენტში გამოსვლისას, ფონ დერ ლაიენმა წარმოადგინა პროგრამა, რომელიც კონცენტრირებულია კეთილდღეობაზე და უსაფრთხოებაზე, მიემართება რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში, გლობალურ ეკონომიკურ კონკურენციასა და კლიმატის ცვლილებებს. "შემდეგი ხუთი წელიწადი განსაზღვრავს იმ ადგილს, რომელიც ევროპას მსოფლიოში მომავალი ხუთი ათწლეულის განმავლობაში ექნება. ეს წლები გადაწყვეტს ჩვენს მომავალს ჩვენ განვსაზღვრავთ თუ მოვლენები ან სხვები", - თქვა ფონ დერ ლაიენმა კენჭისყრამდე. ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას მხარდაჭერა ექნება მანამ, სანამ საჭიროა მის ბრძოლაში რუსეთთან. იგი დასძენს, რომ საქმე ეხება ევროპის თავისუფლებას და მან მეტი ძალისხმევა უნდა მოახმაროს თავდაცვას. ფონ დერ ლაიენი - მემარჯვენე ცენტრისტი პოლიტიკოსი, გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გამოვიდა პირობით, რომ შეიქმნება "ნამდვილი ევროპული თავდაცვითი კავშირი" და მისი მთავარი პროექტები შეეხება საჰაერო და კიბერთავდაცვას. ამ გეგმას კრიტიკულად გამოეხმაურა კრემლი, რომელმაც განაცხადა, რომ გეგმა ირეკლავს "მილიტარიზაციის [და] კონფრონტაციის" განწყობებს. ფონ დერ ლაიენმა გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოსკოვში. ევროკომისიის პრეზიდენტმა ამ ვიზიტს უწოდა "დაშოშმინების მისია", რასაც დეპუტატების მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა. ასევე ნახეთ ევროკომისიის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ვიქტორ ორბანი მოსკოვში "დაშოშმინების მისიისთვის" ...