აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი ამბობს, რომ საქართველოს დატოვების საშუალებას არ აძლევენ. ის 17 ივლისს ოჯახთან ერთად თურქეთში გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა, მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ მის პასპორტს „რაღაც პრობლემა“ აქვს და ამიტომ „მხოლოდ ბაქოში დაბრუნება შეუძლია“. აფგან სადიგოვი, რომელიც თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ შვიდი თვეა, რაც თბილისში ცხოვრობს. ჟურნალისტი მანამდე, წელიწად-ნახევრის წინ, საქართველოში სამკურნალოდ ჩამოვიდა. გვითხრა, რომ ციხეში ხანგრძლივმა შიმშილობამ ჯანმრთელობა შეურყია. სადიგოვი აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაპატიმრებული. მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ სადიგოვს, როგორც თავად ამბობს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კვლავ პრობლემები შეუქმნა. ის ჰყვება, რომ დაშინებისა და ზეწოლის ქვეშ მოექცა, რის შემდეგაც თბილისში ჩამოვიდა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მისთვის უსაფრთხო არ არის აზერბაიჯანში დაბრუნება. აფგან სადიგოვი ამბობს, რომ მუქარა გაგრძელდა მისი ოჯახის წევრების მიმართ. ჟურნალისტისგან მოითხოვდნენ, შეეწყვიტა აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე კრიტიკული აზრის გამოხატვა. ამჟამად azel.tv-ის მთავარი რედაქტორის ოჯახის წევრებიც თბილისში იმყოფებიან და ერთად სურთ მესამე ქვეყანაში გამგზავრება. აფგან სადიგოვი იმ ჟურნალისტების ჩამონათვალში იყო, რომელთა გათავისუფლებას 2019 წელს ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ მოითხოვდა. რადიო თავისუფლება ესაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის წარმომადგენელს. აფგან სადიგოვის საქმეზე მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება. ...