პროკურორებმა რუსეთის სასამართლოს სთხოვეს, ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნოს Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და მას 19 წლით მიუსაჯოს პატიმრობა - ბრალდებას უარყოფენ თავად გერშკოვიჩი, მისი გამოცემა და აშშ-ის მთავრობა და მას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, სასამართლო განაჩენს 19 ივლისს, მოგვიანებით გამოაცხადებს. ამავე დღეს სასამართლომ მოისმინა შემაჯამებელი არგუმენტები, ერთი დღით ადრე კი გერშკოვიჩის დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდნენ Wall Street Journal-ი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. სასამართლო პროცესი 26 ივნისს დაიწყო და სვერდლოვსკის რეგიონულ სასამართლოში, ეკატერინბურგში, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. გერშკოვიჩი ეკატერინბურგში დააპატიმრეს 2023 წლის 29 მარტს, როცა ჟურნალისტურ მივლინებაში იყო. მოგვიანებით მას ბრალი წაუყენეს ინფორმაციის მოპოვების მცდელობაში ქარხანაზე, რომელიც აწარმოებს რუსეთის მიერ უკრაინის ომში გამოყენებულ ტანკებს. ბრალდების თანახმად, გერშკოვიჩს ინფორმაცია ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის(CIA) უნდა გადაეცა. გერშკოვიჩი პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც ცივი ომის შემდეგ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. ასევე ნახეთ ეკატერინბურგში ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩის სასამართლო პროცესი დაიწყო ...