რუსეთის ეკატერინბურგის სასამართლომ ჯაშუშობის საქმეზე 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს. პროცესი დახურული იყო. სასამართლოს განაჩენით, ამერიკელი ჟურნალისტი სასჯელს მაღალი უსაფრთხოების სასჯელაღსრულების კოლონიაში მოიხდის. პროკურატურა გერშკოვიჩისთვის 18-წლიან პატიმრობას ითხოვდა. მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა ერთ დღეში, 18 ივლისს, დასრულდა. მხარეებმა 19 ივლისს სასამართლოში დებატები გამართეს. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურატურის წარმომადგენელმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რატომ იყო სასამართლო გამოძიება ასეთი ხანმოკლე. გერშკოვიჩი პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც ცივი ომის შემდეგ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. გერშკოვიჩს, რომელიც მოსკოვის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში 2023 წლის მარტიდან იმყოფება, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა. გამომძიებლების თქმით, ჟურნალისტმა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მითითებით შეაგროვა ინფორმაცია "ურალვაგონზავოდზე", რომელიც აწარმოებს და არემონტებს სამხედრო ტექნიკას. გამოძიება ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოა. გერშკოვიჩი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამტკიცებს, რომ ექსკლუზიურად იყო დაკავებული რუსეთში ჟურნალისტური საქმიანობით. გამოცემა Wall Street Journal-ი ასევე კატეგორიულად უარყოფს თავისი თანამშრომლის მიმართ ბრალდებებს. რედაქციამ გერშკოვიჩის სასამართლო პროცესს "ფსევდოსასამართლო პროცესი" უწოდა და განაცხადა, რომ ჟურნალისტს მხოლოდ თავისი მუშაობის გამო დევნიან. აშშ-ის ხელისუფლებამ, ადამიანის უფლებათა დამცველმა და საერთაშორისო ჟურნალისტურმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მოუწოდეს მოსკოვს ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გერშკოვიჩს "უკანონოდ დაკავებულის" სტატუსი მიანიჭა. მანამდე რუსულ და ამერიკულ პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებულმა რამდენიმე წყარომ განაცხადა, რომ მოსკოვი გერშკოვიჩს ციხეში შეიძლება იმისთვის ამყოფებს, რომ გაცვალოს აშშ-ის ციხეებში მყოფ რუსეთის რომელიმე მოქალაქეში. 2023 წლის დეკემბერში, აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთმა უარყო ჟურნალისტის გათავისუფლების შეთავაზება. 2024 წლის 17 მარტს, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ნავალნის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოიწონა მისი გაცვლის იდეა. მედია იტყობინებოდა, რომ მოსკოვი მზად იყო გაეთავისუფლებინა ნავალნი, ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და გადამდგარი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი. სანაცვლოდ რუსეთი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ითხოვდა ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გერმანიაში დაპატიმრებული ვადიმ კრასიკოვისა და „შეერთებულ შტატებში მსჯა...