საფრანგეთმა ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების ნებართვა არ მისცა დაახლოებით ასამდე ადამიანს რუსეთიდან, ბელორუსიდან და სხვა ქვეყნებიდან - ჟურნალისტებს, ფიზიოთერაპევტებს და ტექნიკურ პერსონალს. უარის მიზეზად დასახელდა ჯაშუშობისა და კიბერშეტევების საფრთხე. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცავმა უწყებებმა ოლიმპიურ თამაშებზე სამუშაოდ დაშვების 960 ათასი დოსიე შეამოწმეს. არ დაუშვეს 4,3 ათასი ადამიანი, მათ შორის მოხალისეები, სტადიონის მუშები და სპორტული დელეგაციების წევრები. „ისინი სავარაუდოდ არ ჩამოსულან ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად, მაგრამ, გარდა დაზვერვისა და ტრადიციული ჯაშუშობისა, ასევე არსებობს კომპიუტერულ ქსელებზე წვდომის შესაძლებლობა კიბერშეტევის განხორციელების მიზნით“, - განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა კითხვის პასუხად, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ შესაძლო ჯაშუშები საფრანგეთში. დარმანინმა განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „რუსი ჟურნალისტების“ დიდ რაოდენობას უარი ეთქვა საფრანგეთში შესვლაზე, საფრანგეთის ხელისუფლებამ „დაუშვა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში მომუშავე რუსების ყოფნა“. ”ჩვენ წინდახედულობის პრინციპით ვმოქმედებთ,” - აღნიშნა მან. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ სადაზვერვო სამსახურებმა გამოავლინეს 19 პირი, რომლებიც შეტანილი არიან „ტერორიზმის რადიკალიზაციის პრევენციის“ (FSPRT) სიაში და 139 ადამიანი ე.წ. S - ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხის შემცველი ადამიანების სიიდან. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო რუსების თამაშებზე ნეიტრალური სტატუსითა და რიგი კრიტერიუმებით დაშვების გადაწყვეტილება. რუსეთის სპორტის ფედერაციების უმეტესობამ ამის გამო ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა. პარიზის ოლიმპიადაში მხოლოდ 15 რუსი და 16 ბელორუსი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ...