ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, 59 წლის კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის სტატუსით დაიწყო მზადება დემოკრატიული პარტიის ყრილობისთვის, რომელზეც კანდიდატი ოფიციალურად უნდა დასახელდეს. ყრილობა 19 აგვისტოს ჩიკაგოში გაიხსნება. ჰარისი, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტი არ არის, თავის გუნდთან ერთად ცდილობს თანაპარტიელების მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებას. 21 ივლისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ საარჩევნო მარათონს ეთიშება, კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს. ჰარისმა ბაიდენის მხარდაჭერას დიდი პატივი უწოდა, მას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს დემოკრატიული პარტიის და ნაციის გასაერთიანებლად, რათა დონალდ ტრამპი დაამარცხონ. როგორც ჰარისმა თქვა, არჩევნებამდე 107 დღეა, ერთად იბრძოლებენ და ერთად გაიმარჯვებენ. CNN-ის და BBC-ს წყაროთა ცნობით, კამალა ჰარისმა მალევე დაიწყო სატელეფონო მოლაპარაკებები წამყვან დემოკრატებთან, მათ შორის კანონმდებლებსა და გუბერნატორებთან, ხოლო ჰარისის გუნდმა - ელექტრონული წერილების გაგზავნა საარჩევნო კამპანიისთვის საჭირო თანხების შესაგროვებლად. ასევე ნახეთ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ფოტოებზე კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი უკვე დაუჭირეს ბილ და ჰილარი კლინტონებმა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადეს, რომ დემოკრატებმა ჰარისის გასამარჯვებლად უნდა იბრძოლონ და არ დაუშვან დიდი საფრთხე - ტრამპის მეორე ვადით არჩევა. რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა, 78 წლის დონალდ ტრამპმა 21 ივლისს CNN-ს უთხრა, რომ მისთვის კამალა ჰარისის დამარცხება კიდევ უფრო იოლი იქნება, ვიდრე ჯო ბაიდენის. ასევე ნახეთ დონალდ ტრამპი ოფიციალურად გახდა რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი ბოლო ხანს ამერიკელ დემოკრატებში სულ უფრო იზრდებოდა შეშფოთება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 27 ივნისის შემდეგ, როცა ბაიდენს ტრამპთან პირველი წარუმატებელი დებატები ჰქონდა, აშშ-ის პრეზიდენტს არაერთმა დემოკრატმა მოუწოდა, უარი ეთქვა მეორე ვადით კენჭისყრის განზრახვაზე. დემოკრატები შიშობდნენ, რომ 81 წლის ბაიდენი თავისი ასაკის და მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა ტრამპთან წარმატებით ბრძოლას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ ოთხი წლით ეფექტიანად მუშაობა გაუჭირდებოდა. 21 ივლისამდე ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ საარჩევნო მარათონიდან გასვლას არ აპირებდა. 21 ივლისს ბაიდენმა, რომელიც კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაშია, ამერიკელებს სოციალური ქსელით მიმართა და განაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტა. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართებ...