ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ უკრაინაში დღეისთვის რუსეთის გვარდიის (როსგვარდიის) 30 ათასზე მეტი ჯარისკაცი უნდა იმყოფებოდეს. უწყების ცნობით, რუსეთის ეროვნული გვარდიის პერსონალის უმეტესობა ზურგში ასრულებს სხვადასხვა, მეტწილად დაცვის ფუნქციას და მხოლოდ ცალკეული დანაყოფები მონაწილეობენ საბრძოლო ოპერაციებში. "რუსეთის გვარდიის მთავარი საბრძოლო დანაყოფი, 116-ე სპეციალური დანიშნულების ბრიგადა, სავარაუდოდ, შედგება სამი საჯარისო პოლკისგან და ისინი აღჭურვილია ტანკებით, ქვეითთა საბრძოლო მანქანებითა და არტილერიით", - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 22 ივლისის განცხადებაში. 2024 წლის დასაწყისიდან, როსგვარდიის მოწინავე ნაწილების გაძლიერება დაიწყო რუსეთის არარეგულარული ფორმირებების შთანთქმით. 2024 წლის მაისში, როსგვარდიის რიგებში წარმატებით იქნა ინტეგრირებული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” დაჯგუფების ბატალიონი “ვოსტოკი”. ამასთან, სავარაუდოდ, ჩაიშალა მოსალოდნელი შეთანხმება, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის როსგვარდიის პირველ მოხალისეთა კორპუსთან შეერთებას ითვალისწინებდა. გასულ თვეში ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, 2022 წლის თებერვლიდან რუსეთში პატიმრების საერთო რაოდენობა მინიმუმ 150 000 ადამიანით შემცირდა. დიდი ალბათობით, ამ პატიმრების უმეტესობა, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უკრაინაში საბრძოლველად წასვლის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ასევე ნახეთ რუსეთის გვარდიას მძიმე შეიარაღების გამოყენების უფლება დაუკანონდება ასევე ნახეთ რუსეთს დონეცკის რეგიონში ფრონტზე გასაგზავნად ქალი პატიმრები ჩაჰყავს - „ვაჟნიე ისტორიი“ ...