თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუდაძემ არ გაიზიარა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა და პატიმრობაში დატოვა 23 წლის საბა მეფარიშვილი და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი. ადვოკატის, თათია კონიაშვილის მტკიცებით, არ არსებობს ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძველი. „პროკურატურამ დასაბუთება დააყრდნო იმას, რომ რეალურად არსებობსო მოწმეზე ზემოქმედების და მტკიცებულების განადგურების რისკი. ეს, რა თქმა უნდა, არის აბსურდი. პირველ რიგში, იმიტომ, რომ მოწმეებზე ზემოქმედება თავად ბრალდებულების მხრიდან არის შეუძლებელი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოწმის სახით დაბარებულები უნდა იყვნენ სასამართლოში შსს-ს წარმომადგენლები და შესაბამისად, მათზე ზემოქმედება არის, ფაქტობრივად, შეუძლებელი. რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს, ისინი წარმოდგენილია სასამართლოში და მისი განადგურების არანაირი რისკი არ არსებობს“, - თქვა ადვოკატმა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული აქვთ ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხის გამო. „ეს ორივე საფრთხე ძალაშია. ახალი არსებითი გარემოება, რომელიც კითხვის ქვეშ დააყენებდა სასამართლოს მსჯელობას, არ არსებობს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე“, - თქვა ბრალმდებელმა. ბრალდებულთა ოჯახის წევრები მეფარიშვილისა და ოკრიბელაშვილის პატიმრობაში დატოვებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილეები პარლამენტის შენობასთან დააკავეს, 14 მაისს რკინის დროებითი ჯებირის დაზიანებისთვის. მათ პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს თანახმად, ბრალდებულებმა, სხვებთან ერთად, პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს როგორც ფიზიკური ძალის, ასევე რკინის ნივთის გამოყენებით. ადვოკატი განმარტავს, რომ დაახლოებით 400-ლარიანი ნივთის დაზიანებისთვის ორ ადამიანს სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება. ასევე ნახეთ პარლამენტთან ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულების ადვოკატი ციხეში შევიწროებაზე საუბრობს ადვოკატი გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების საკანში მყოფი ბრალდებულების სხვა პატიმრებისგან შევიწროებაზე საუბრობდა. ასევე ნახეთ ორი ადამიანი დააკავეს 14 მაისს პარლამენტთან აქციაზე ჯებირის დაზიანების ბრალდებით ...