აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებმა 21 ივლისს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლის შემდეგ, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის პლატფორმა Actblue-ს 55 მილიონ დოლარზე მეტი შესწირეს. ბაიდენმა კამალა ჰარისს მხარი დაუჭირა, როგორც კანდიდატს სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე. ამის შესახებ ინფორმაცია Politico-ზე დაყრდნობით გავრცელდა. ActBlue-ს თანახმად, დონორებმა 27,5 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხეს მხოლოდ პირველი ხუთი საათის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო რბოლაში. პლატფორმის წარმომადგენლებმა 21 ივლისი დაასახელეს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისთვის თანხების მოსაზიდად საუკეთესო დღედ დემოკრატიული პარტიის მხრიდან. Politico აღნიშნავს, რომ ჰარისის შემოწირულებების ზრდა დემოკრატიული პარტიის ენთუზიაზმზე უნდა მიუთითებდეს. თუმცა ბაიდენის კამპანიის ერთ-ერთმა მთავარმა სპონსორმა ჯონ მორგანმა ABC News-ს უთხრა, რომ უარი თქვა ჰარისის მხარდასაჭერად თანხების შეგროვებაზე. მორგანის თქმით, ჰარისის ნომინაცია რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის წისქვილზე დაასხამს წყალს. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მორგანმა ბაიდენის კამპანიას 355 000 დოლარი შესწირა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 ივლისს განაცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშება და დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის დასახელებას უჭერს მხარს. ჰარისს, ყოფილ იურისტს, შტატის ყოფილ გენერალურ პროკურორსა და ყოფილ სენატორს, უკვე თითქმის ოთხი წელი ჰქონდა იმისთვის, რომ თავი გამოევლინა ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე. 59 წლის ჰარისი პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელსაც კალიფორნიის გენერალური პროკურორის თანამდებობა ეკავა; იგი არის პირველი ამერიკელი სამხრეთ აზიიდან და მეორე აფრიკელ-ამერიკელი, რომელიც აშშ-ის სენატში აირჩიეს. ჰარისი ასევე არის შეერთებული შტატების პირველი აფრიკელ-ამერიკელი და აზიელ-ამერიკელი ქალი ვიცე-პრეზიდენტი. ასევე ნახეთ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ფოტოებზე ...