თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება. განცხადებაში, რომელიც სასამართლომ გამოაქვეყნა, წერია, რომ 2024 წლის 22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი (მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტი). კაკოჩაშვილმა, რომელიც წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, მოითხოვა „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის [მანუჩარ კაკოჩაშვილის] დანიშვნის დავალება“. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება. ამით სასამართლომ დააკმაყოფილა კაკოჩაშვილის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. კაკოჩაშვილს მანამდეც სურდა საბჭოს წევრობა, როდესაც კონკურსი პარლამენტს ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ის მაშინაც არ შეარჩიეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება 15 ივლისს გამოსცა. ასევე ნახეთ პრეზიდენტმა კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის დანიშნულ წევრს, თამარ ღვამიჩავას, უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ამოეწურა. კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობდნენ: გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე; დიმიტრი გაბუნია - პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი; მანუჩარ კაკოჩაშვილი - ადვოკატი; კახა წიქარიშვილი - დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი; თამარ ალფაიძე - სეუს პროფესორი. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ამ ხუთი კანდიდატიდან რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს გაუწია. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი მათ შორის წიქარიშვილი გამოარჩია. განახლება სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. მან საქართველოს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის შესახებ მიუთითა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩა...