რადიო თავისუფლებასთან საუბარში კახა წიქარიშვილი სარჩელის შინაარსზე საუბრობს და ჩამოთვლის, რით ასაბუთებს მოსარჩელე მანუჩარ კაკოჩაშვილი საკუთარ პოზიციას: "ასაბუთებს იმით, რომ კომისიის ორ წევრს ჰქონდა აცილების საფუძველი. ერთი იყო ბესო ლოლაძე, რომელიც დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრია, რომლის წევრი მეც ვარ. ესაა 20-კაციანი ჯგუფი, რომელიც პერიოდულად აკეთებს განცხადებებს სასამართლო სისტემაზე; ასევე ნონა ქურდოვანიძეს ჰქონდა [ჩემი] აცილების საფუძველი იმიტომ, რომ საიამ წარმადგინა არამოსამართლე წევრის პოზიციაზე 2018 წელს, ნონა ქურდოვანიძე კი არის საიას თავმჯდომარე; მესამე უწერია ის, რომ მე არ დამისვეს შეკითხვები კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და სხვა კანდიდატებს დაუსვეს", - ამბობს წიქარიშვილი. მისივე თქმით, კანდიდატების შესარჩევად სპეციალურად შექმნილი კომისიის სხდომაზე გაკეთდა განმარტებები, რომ დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრობა არ ნიშნავს ადამიანების ისეთ მჭიდრო ურთიერთობას, რომ ეს გახდეს აცილების საფუძველი: "ჩვენ ყველა ვართ რაღაც გაერთიანების წევრი და პერიოდულად ერთ განცხადებებსაც ვაკეთებთ ხოლმე". რაც შეეხება ნონა ქურდოვანიძის აცილების საფუძველს, წიქარიშვილის თქმით, როდესაც იგი საიამ წარადგინა კანდიდატად, მაშინ ქურდოვანიძე არ ყოფილა ორგანიზაციის თავმჯდომარე: "ესეც ძალიან შორეული კავშირია და არ მეტყველებს იმ დონის მიკერძოებაზე, რომ აცილების საფუძველი გახდეს". წიქარიშვილის განცხადებით, ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ მოსამართლემ რამდენიმე საათში მიიღო საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების გადაწყვეტილება. "ეს არ არის ჩვეულებრივი რაღაც, რაც ხდება", - აღნიშნავს წიქარიშვილი და საუბრობს სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემაზე. "მთავარი მაინც ის არის, რომ მოსამართლემ რამდენიმე საათში გადაწყვიტა ეს ამბავი. სასამართლოში ასე არ ხდება, მთელი დღეები, თვეები და წლები იხილება საქმეები. მოსამართლეები ორი-სამი დღე საქმეებამდე მისვლასაც ვერ ახერხებენ, ისეთი დატვირთულები არიან. ამ შემთხვევაში სასამართლოს ხუთდღიანი, შემჭიდროებული ვადა ჰქონდაო, მაგრამ როგორც კი საქმე შევიდა, მაშინვე მოსამართლის ხელებში მოხვდა და რამდენიმე საათში გადაწყვეტილება მიიღო", - ამბობს კახა წიქარიშვილი და ვარაუდობს, რომ ამ საქმის სამართლებრივი პერსპექტივა "ჩიხურია". მისი თქმით, მოსამართლეს შეუძლია, ეს საქმე ორი წელი მაინც გააჭიანუროს, რადგან ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის საშუალო ვადა 400 დღეა. "შეიძლება დააჩქარონ კიდეც, სასამართლოში კლანია და შეუძლიათ, ყველა საქმეში ჩაერიონ. შეიძლება, ეს საქმეც ამის მაგალითია", - აცხადებს კახა წიქარიშვილი. ასევე ნახეთ „კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობი...