უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინასთან ევროკომისიის შუამავლობით კონსულტაციების პროცედურას მოითხოვენ მას შემდეგ, რაც კიევმა სანქციების სიაში დაამატა რუსული კომპანია „ლუკოილის“ ჯგუფი. ამის შესახებ 22 ივლისს ბრიუსელში განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ, რომლის თქმით, კიევის ამ ნაბიჯმა უნგრეთის მიმართულებით ნავთობის მიწოდების შეჩერება გამოიწვია. "გუშინ ვესაუბრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს. მან თქვა, რომ ისინი ატარებენ ნავთობის ყველა ნაკადს, მაგრამ ეს ასე არ არის. კომისიას სამი დღე აქვს იმისათვის, რომ ჩვენი მოთხოვნა შეასრულოს, რის შემდეგაც საქმეს სასამართლოს გადავცემთ", - განაცხადა სიიარტომ. მისივე თქმით, უნგრეთი რუსეთისგან მარაგების გარეშე საკმარის ნავთობს ვერ მიიღებს და კიევის გადაწყვეტილება ტრანზიტის შეჩერების შესახებ, თითქოსდა "ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების აშკარა დარღვევაა." რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, უფრო ადრე რუსული კომპანია "ლუკოილის" წინააღმდეგ სანქციები, უკრაინის მთავრობის მეთაურთან, დენის შმიჰალთან შეხვედრისას გააკრიტიკა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ. სლოვაკური სააგენტო TASR-ის თანახმად, „ლუკოილის“ ნედლეულს, კერძოდ, იყენებს სლოვაკეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „სლოვნეფტი“. ივნისის ბოლოდან, უკრაინამ შეწყვიტა უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება ნავთობსადენ „დრუჟბის“ გავლით. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ 18 ივლისს რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის ფარგლებში განაცხადა. უკრაინის მთავრობამ ივნისში „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა და თქვა, რომ მისი პროდუქციისთვის უკრაინა აღარ იქნება სატრანზიტო ქვეყანა. უფრო ადრე, რუსეთის ნავთობკომპანია "ლუკოილს" ბიზნესის კეთების მხრივ პრობლემები შეექმნა ბულგარეთში. ასევე ნახეთ „ლუკოილი“ განიხილავს ბულგარეთში თავისი ბიზნესის გაყიდვის შესაძლებლობას ...