რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ პუტინს შესთავაზა ექსტრემიზმის საწინააღმდეგო ახალი სტრატეგიის პროექტი, რომელიც ქვეყნიდან წასული მოქალაქეების მონაცემთა ბანკის შექმნასაც ითვალისწინებს. ნორმატიული სამართლებრივი აქტების ფედერალურ პორტალზე 22 ივლისს გამოქვეყნებულ პროექტს ყურადღება მიაქცია გამოცემამ „ვაჟნიე ისტორიი“. შსს-ს წინადადებაა, რომ შეიქმნას მონაცემთა ბაზა იმ პირების, რომლებმაც რუსეთი დატოვეს „ექსტრემისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობის და არამეგობრული ქვეყნების უცხოურ ცენტრებში სწავლების გასავლელად“. პროექტის თანახმად, ექსტრემისტულ საფრთხეთა კატეგორიაში მოხსენიებული არიან პირები, რომლებიც უცხოეთის რელიგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაემგზავრნენ, არამეგობრული ქვეყნების და საზოგადოებრივი ჯგუფების ჰიბრიდული ქმედებები და უკრაინული სტრუქტურები. გამოცემა The Bell-ის მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებული კვლევით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთი დატოვა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა, სულ მცირე, 650 000 ადამიანი. რუსეთის ხელისუფლების მიერ უცხოეთის აგენტად გამოცხადებული გამოცემის თანახმად, ყველაზე მეტი, 110 000 რუსი, სომხეთში გაემგზავრა, 80 000 - ყაზახეთში, ამდენივე ისრაელში და 74 000 - საქართველოში. ასევე ნახეთ გულგრილი მასპინძლობის შემდეგ, რუსები საქართველოს ტოვებენ ივლისის დასაწყისში გამოცემა „აგენტსტვო“ წერდა, რომ ინტერნეტში გამოჩნდა დაუდგენელი წყაროებისგან მიღებული პირადი მონაცემების ბაზა რუსეთის იმ მოქალაქეების, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვეს. გამოცემის თანახმად, ეს მონაცემები შესაძლოა, რეპრესიებისთვის გამოიყენონ. ...