„რა ინფორმაციაც გავრცელდა და რასაც გავეცანი, არის უამრავი დარღვევა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, თავად უნდა ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, შეიტანა სარჩელი. დანარჩენი არის სამართლებრივი საკითხი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ასევე ნახეთ სასამართლო ცდილობს გააკონტროლოს, ვის დანიშნავს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - კანდიდატის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი ადამიანის დანიშვნა პრეზიდენტის ექსკლუზიური კონსტიტუციური უფლებამოსილებაა. „გახსოვთ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ექსკლუზიური კონსტიტუციური უფლებამოსილებები უნდა დარჩეს ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებებად... ახლა გაირკვა, რომ ამ ნონსენსს აპროტესტებენ ის „ენჯეოები“ და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავის დროზე ამ ნონსენსის [თანამდებობის პირების კონკურსით შერჩევა] კანონმდებლობაში ჩაწერას ითხოვდნენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება. მას საფუძვლად დაედო კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის, მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი. ასევე ნახეთ სასამართლომ შეაჩერა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნა სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ამ განკარგულების მოქმედება სამართალწარმოების დასრულებამდეა შეჩერებული. ასევე ნახეთ „კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის“ - პრეზიდენტის ადმინისტრაცია წიქარიშვილის დანიშვნის განკარგულების შეჩერებას გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება, მათგან ექვსი არ არის მოსამართლე. ექვსი არამოსამართლე წევრიდან ერთს პრეზიდენტი ნიშნავს, ხუთს - პარლამენტი ამტკიცებს. პრეზიდენტმა სწორედ იმ ერთი წევრის შესარჩევად გამოაცხადა კონკურსი და შექმნა საკონკურსო კომისია. კომისიამ ხუთი კანდიდატიდან პრეზიდენტს ორზე მისცა რეკომენდაცია. მათგან სალომე ზურაბიშვილმა კახა წიქარიშვილი შეარჩია. პრეზიდენტს კანონი არ ავალდებულებდა კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებას, მას შეეძლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატი დასაბუთების გარეშე დაენიშნა. ...