ოლიმპიური კომიტეტის განცხადება რეკვიზიტების უნებართვო გამოყენების შესახებ „რიგით მოქალაქეებს“ არ ეხება - ასეთ განმარტებას აკეთებენ იურიდიულ ფირმა „ბიგვავა ბატიაშვილში“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით აკისრია დარღვევების მონიტორინგი. „ლოგო და მსგავსი რეკვიზიტები ოლიმპიური კომიტეტის საკუთრებაა და მათი გამოყენება ოლიმპიური ქარტიით არის განსაზღვრული. ყველა ადგილობრივ, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს აქვს საზოგადოების ინფორმირების ვალდებულება, ასევე ვალდებულება აკონტროლოს მოგების, კომერციული მიზნებისთვის ხომ არ იყენებენ ამ რეკვიზიტებს. თუ იყენებენ, ამისთვის ნებართვა არის საჭირო. ეს იყო მთელი ამ განცხადების არსი“, - განმარტავს იურისტი თეიმურაზ როგავა კომპანიიდან „როგავა ბატიაშვილი“. მისი თქმით, „ეს არ ეხება პირად გამოყენებას, საინფორმაციო გამოყენებას. რატომ გაიგეს ისე, რომ ტელევიზორში ოლიმპიადას ვეღარ უყურებენ, გაუგებარია. რა წესებიც წლებია მოქმედებს, ისევ ის არის. მაგალითად, რეკლამაში რომ იყენებენ ლოგოს ან ოლიმპიადასთან ასოცირებას რომ ცდილობენ და მარკეტინგულ ვიდეორგოლებს დებენ, მათ ეხებათ ეს წესები, რადგან ისინი მოგებაზე არიან ორიენტირებულები, თორემ ფიზიკური პირი რომ ოლიმპიადაზე ინფორმაციას გაავრცელებს, იმას კი არა“. ოლიმპიურმა კომიტეტმა 22 ივლისს გაავრცელა საგანგებო განცხადება (ოლიმპიური რეკვიზიტების უნებართვო გამოყენების აღკვეთის შესახებ), რომელშიც ნათქვამია: „...ყველა უფლება ნებისმიერ ოლიმპიურ რეკვიზიტზე (ოლიმპიური სიმბოლო, დროშა, დევიზი, ჰიმნი და აღნიშვნები (რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება „ოლიმპიური თამაშებით,“ „ოლიმპიადის თამაშებით“ და ა.შ.) ეკუთვნის ექსკლუზიურად საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს. ოლიმპიური კომიტეტი მონიტორინგს უწევს და აკონტროლებს ოლიმპიური ღონისძიებების და/ან მონაწილეების შესახებ და მათთან დაკავშირებით ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით (იქნება ეს ზეპირად თუ წერილობით) ინფორმაციის გავრცელებას...“ ამ განცხადებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ის მორიგ აკრძალვად მიიღო და მიიჩნია, რომ კომიტეტი ხალხს ოლიმპიადაზე ინფორმაციის გავრცელებასა და ინტერნეტში წერას უკრძალავდა. 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე პერიოდში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ჩატარდება. ასევე ნახეთ 28 ქართველი ოლიმპიელი პარიზისკენ მიემგზავრება ...