თურქეთის ქალაქ ბოდრუმში დააკავეს მოსკოვში ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი პირი. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. უწყება დაკავებულის ვინაობას ასახელებს - ეს არის რუსეთის მოქალაქე ევგენი სერებრიაკოვი. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეჭვმიტანილის დაკავების ვიდეო გამოაქვეყნა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი ერლიკაიამ განმარტა, რომ სერებრიაკოვი ბოდრუმში მოსკოვიდან ჩაფრინდა დილის რეისით. ის მანამდე არ შედიოდა ინტერპოლის მიერ ძებნილ პირთა საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში. ინტერპოლის რუსეთის ფილიალის თანამშრომლები თურქეთის პოლიციას დაუკავშირდნენ მისი დაკავების მოთხოვნით და განაცხადეს, რომ სერებრიაკოვი ტერორიზმის ბრალდებით იძებნება. ოთხშაბათს დილით მოსკოვის ჩრდილოეთ ნაწილში მანქანა ააფეთქეს. აფეთქების შედეგად მძღოლი მძიმედ დაიჭრა. დაშავებულია ასევე ავტომობილში მყოფი მისი მეუღლე. მედია იუწყება, რომ ავტომობილი რუსეთის არმიის მაღალჩინოსანს ეკუთვნის. გამოცემა „აგენტსტვო“ ირწმუნება, რომ მანქანის დაშავებული მფლობელი არის გრუ-ს ოფიცერი ანდრეი ტორგაშოვი, რომელიც მსახურობს ნომერ 45807 სამხედრო ნაწილში. ეს ქვედანაყოფი ჟურნალისტურ გამოძიებებში ფიგურირებდა ნორვეგიიდან გრუ-ს აგენტების გაძევებასთან და მოსკოვში უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილ ოფიცერზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ფსბ-ს დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ აფეთქებაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია, მაგრამ ვინაობა არ დაუსახელებია. ბორტნიკოვმა ასევე თქვა, რომ ეჭვმიტანილმა მოასწრო თურქეთში გაფრენა და რომ მოსკოვი თურქეთის პოლიციასთან და უსაფრთხოების სამსახურებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს მისი დაკავებისა და შემდგომში რუსეთში ექსტრადიციის შესახებ. აფეთქებასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობის მუხლით. სამართალდამცავების თქმით, ბრალდება შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს ტერორიზმის მუხლით. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაკავებულ ევგენი სერებრიაკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, მოსკოვის სასამართლომ კი მისი დაუსწრებლად დაკავების დადგენილება გამოიტანა. ...