რუსეთის კალუგის ოლქში ჩამოვარდა საბრძოლო ვერტმფრენი მი-28. თავდაცვის სამინისტრომ ეკიპაჟის წევრების დაღუპვა დაადასტურა. პირველი ცნობა, რომ კალუგის ოლქის ჟიზდრინსკის რაიონში ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის ტელეგრამით გაავრცელა ოლქის გუბერნატორმა ვლადისლავ შაპშამ. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა, რომ მი-28 გეგმური ფრენის დროს დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა და ეკიპაჟი დაიღუპა. რამდენი წევრი იყო ეკიპაჟში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია. მისი განცხადებით, ავიაკატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობაა. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის. რუსული მი-28 ტიპის ვერტმფრენები, რომლებსაც „ღამის მონადირესაც" უწოდებენ, განკუთვნილია ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის, დაბალსიჩქარიანი საჰაერო სამიზნეების და ცოცხალი ძალის აღმოჩენისა და განადგურებისთვის. ...