ბელარუსის გომელის ქალთა მეოთხე კოლონიიდან გაათავისუფლეს ხუთი პოლიტპატიმარი ქალი, მათ შორის დარია ლოსიკი, რომელსაც ორი წელი ჰქონდა მისჯილი ექსტრემისტული საქმიანობისთვის ხელშეწყობის ბრალდებით. ამ ინფორმაციას ავრცელებს უფლებადამცავი პროექტი „გომელსკაია ვესნა“. უფლებადამცავების თანახმად, ლოსიკთან ერთად კოლონიიდან გამოუშვეს სვეტლანა ლუპაჩი, პოლინა პოლოვინკო, ტამარა ოსტრეიკო და ეკატერინა მადენკოვა. არსებული ცნობით, ისინი 3 ივლისს გათავისუფლეს ამნისტიის კანონით, რომელსაც ბელარუსის მმართველმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მოაწერა ხელი, მაგრამ ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. დარია ლოსიკი ცოლია ბელარუსი ბლოგერის, იგორ ლოსიკისა, რომელსაც გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 2021 წელს. ქმრისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ, დარიამ ლუკაშენკას მიმართა და ის სიმხდალეში დაადანაშაულა. 2023 წელს „ექსტრემისტულ ფორმირებად“ მიჩნეული ტელეარხის, „ბელსატისთვის“ ინტერვიუს მიცემისთვის დარიას ექსტრემისტულ საქმიანობაში ხელშეწყობის ბრალდებით ორი წლით მიუსაჯეს პატიმრობა. ლუკაშენკამ ივლისის დასაწყისში მოაწერა ხელი ამნისტიის კანონს, მაგრამ ის არ შეხებია მათ, ვინც ე.წ. ექსტრემისტული ან ტერორისტული საქმიანობისთვის გაასამართლეს. საქმე ეხება პოლიტპატიმრებს, რომლებიც ლუკაშენკას რეჟიმს აკრიტიკებდნენ ან მონაწილეობდნენ მიტინგებსა და საპროტესტო აქციებში. ამნისტია შეეხო მძიმე სენით შეპყრობილ რამდენიმე პოლიტპატიმარსაც, რომელთა შორისაა გრიგორი კოსტიუსიოვი, ოპოზიციური პარტიის, „ბელარუსის სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, რომელსაც ათი წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას კიბოს დიაგნოზი აქვს. 3 ივლისის მდგომარეობით, პოლიტპატიმრად ბელარუსში მიჩნეულია 1415 პირი, წერს უფლებადამცავი ცენტრი „ვიასნა“. ასევე ნახეთ სამხედრო, ჟურნალისტი, პროგრამისტი - ბელარუსში იზრდება "სახელმწიფო ღალატისთვის" გასამართლებულთა რიცხვი ...