ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ აუცილებელია რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის ჩაბმა უკრაინაში მიმდინარე ომის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, რათა შედეგი გარანტირებული იყოს. ჩეხეთის ლიდერმა უკრაინის თაობაზე ისაუბრა ჩეხეთის სააგენტო „ჩტკ-სთან" ( ČTK) ინტერვიუში, რომლის რამდენიმე ნაწილი უკრაინულმა სააგენტო „უკრაინსკა პრავდამ“ თარგმნა. ინტერვიუში პეტრ პაველი აცხადებს, რომ 2024 წლის ბოლოსა და 2025 წლის დასაწყისში მოელის გარკვეულ ძვრებს რუსეთ-უკრაინის ომში. ერთ-ერთ ფაქტორად ჩეხეთის პრეზიდენტი მიიჩნევს რამდენიმე წამყვან ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, მოსალოდნელ არჩევნებს. სხვა მნიშვნელოვან ფაქტორად პეტრ პაველი ასახელებს ომისგან „მზარდ დაღლილობას“ როგორც რუსეთში, ისე უკრაინაში. უფრო ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აუცილებელია რუსეთზე მთელი მსოფლიოს ზეწოლა, რათა ის მოლაპარაკების მაგიდასთან დასვან ომის შეწყვეტის შესაძლებლობის განსახილველად. უკრაინის პრეზიდენტი არ ფიქრობს, რომ ყველა ტერიტორიას აუცილებლად ძალის გამოყენებით დაიბრუნებენ. „ვფიქრობ, დიპლომატიის ძალას დახმარება შეუძლია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ასევე ნახეთ ზელენსკი: თუ დასავლეთი ისევ ძლიერი იქნება, ომის „ცხელი ფაზა“ შესაძლოა წლის ბოლომდე დასრულდეს უკრაინის პრეზიდენტის ამ სიტყვების კომენტირებისას, ჩეხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "მაგიდასთან ჩინეთისა და რუსეთის ყოფნის გარეშე, სამშვიდობო მოლაპარაკება შეუძლებელი იქნება." იმავდროულად ჩეხეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აზრი არც იმ შემთხვევაში არ ექნება, თუ მოსკოვი არ შეცვლის მიდგომას და ფაქტობრივად უკრაინის კაპიტულაციისკენ მიმართულ მოთხოვნებს წამოაყენებს. მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ცეცხლს შეწყვეტს და მზად იქნება, სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, როგორც კი უკრაინა მთლიანად გაიყვანს ჯარებს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან და უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე. პუტინმა სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებად დაასახელა რუსეთის მიერ ყირიმისა და უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის საერთაშორისო აღიარება და უკრაინის ნეიტრალური და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სტატუსი. ამასთან, მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში დასავლეთის ქვეყნებმა, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უნდა მოხსნან მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია. პუტინის ეს ხედვა საფუძველშივე ეწინააღმდეგება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ათპუნქტიან “სამშვიდობო ფორმულას”, რომელიც, სხვა საკითხებს შორის, მოიცავს რუსეთის ძალების გასვლას უკრაინიდან და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ასევე ნახეთ ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომის დასრულ...