რუსეთის მოქალაქე, რომელიც პარიზში ოლიმპიადის დროს "დესტაბილიზაციის" მომზადებაშია ეჭვმიტანილი და 21 ივლისს დააკავეს, 2010 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობდა და მზარეულად მუშაობდა. მასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს უცხო სახელმწიფოსთვის სადაზვერვო ცნობების გადაცემის ბრალდებით. ამის შესახებ წერს ფრანგული “ლე მონდი”, რომელმაც ერთობლივი გამოძიება “ინსაიდერთან” და “შპიგელთან” ერთად ჩაატარა. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსის სახელია კირილ გრიაზნოვი. გამოძიების ინფორმაციით, საფრანგეთში გადასვლამდე 40 წლის რუსი ფინანსურ ორგანიზაციებში მუშაობდა. საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ მან დაიწყო კულინარიული საქმიანობა, სტაჟირება გაიარა კურშაველის ერთ-ერთ რესტორანში და ცოტა ხნის წინ კულინარიული ბლოგი მიჰყავდა. ცნობილია, რომ მაისში რუსეთის მოქალაქეს სტამბოლიდან პარიზში ფრენის უფლება არ მისცეს, რადგან ის მთვრალი იყო. “ინსაიდერის” ცნობით, გრიაზნოვი ბულგარეთის გავლით საფრანგეთში გაემგზავრა. იქ მან შემთხვევით გაცნობილ ხალხს უთხრა, რომ მოლდოვის მოქალაქეები დაიქირავა ოლიმპიადის დროს პროვოკაციისთვის. გარდა ამისა, გამომძიებლების თქმით, მან უცნობებს სპეცსამსახურის თანამშრომლის პირადობის მოწმობა აჩვენა. პარიზში გრიაზნოვი დააკავეს. მისი ბინა გაჩხრიკეს. “ლე მონდის” თქმით, სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლის პირადობის მოწმობა და მტკიცებულება, რომ რუსეთი პარიზში ოლიმპიადის დროს ამზადებდა "დესტაბილიზაციის ოპერაციებს". 23 ივლისს რუსეთის მოქალაქეს ბრალი წაუყენეს უცხო სახელმწიფოს სასარგებლო სადაზვერვო საქმიანობაში, რაც მიმართული იყო საფრანგეთში მტრული საქმიანობის გაღვივებისკენ. დაკავებულ პირს 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პარიზში ოლიმპიადა 26 ივლისს იხსნება. მაგრამ ზოგიერთ სახეობაში ასპარეზობები ორი დღის წინ დაიწყო. ზაფხულის ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში საფრანგეთის სპეცსამსახურებმა შეამოწმეს 960 000 პირის დოსიე. მათგან 4300-ზე მეტი ოლიმპიადაზე არ დაუშვეს. ამ ჩამონათვალში არიან მოხალისეები, სტადიონების პერსონალის წარმომადგენლები და სპორტული დელეგაციების წევრები, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ ექსტრემისტებთან, მემარჯვენე და მემარცხენე რადიკალებთან და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან. მათ შორის არიან რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებიც. უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობენ. ასევე ნახეთ როგორ დატოვა პუტინმა მთელი რუსეთი ოლიმპიური სანახაობის გარეშე ასევე ნახეთ „ქაოსის და პანიკის შექმნა“: პარიზის ოლიმპიადა კრემლის სამიზნეში ...