ნატომ თავისი წევრი სახელმწიფოს, რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნას უპასუხისმგებლო და პოტენციურად სახიფათო მოქმედება უწოდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ნატოს განცხადებაზე დაყრდნობით. ამასთან, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს მოკავშირეზე რუსეთის მიზანმიმართულ თავდასხმაზე. ნატოს წესდების მე-5 მუხლით, რომელიმე წევრ სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში მოკავშირეებს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება აქვთ. 25 ივლისს, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე შეტევის შემდეგ, მოსაზღვრე რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ პლაურუს მახლობლად, დაუსახლებელ ადგილზე, ნაპოვნია „გერანის“ ტიპის დრონის ფრაგმენტები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ფაქტს არ გამოხმაურებია. ინციდენტის გამო, სიტუაციის მონიტორინგისთვის გაიგზავნა ფინეთის არმიის ორი გამანადგურებელი F-18, რომლებიც რუმინეთის საჰაერო სივრცის დასაცავად ნატოს მისიაში მონაწილეობენ. ასევე ნახეთ რუმინეთმა დაადასტურა თავის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეღწევა 25 ივლისს, დილით, უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას 38 დრონით შეუტიეს ანექსირებული ყირიმიდან და კრასნოდარის მხარის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო კიევის, ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევის, სუმის, ჟიტომირისა და ჩერკასის ოლქებში, სადაც 25 დრონი ჩამოაგდეს. ოლეშჩუკის ინფორმაციით, კიდევ სამი უპილოტო საფრენი აპარატი თვალთახედვიდან დაკარგეს მას შემდეგ, რაც მათ უკრაინა-რუმინეთის საზღვარი გადაკვეთეს. ...