ვიდეოკოლაჟი, რომელითაც „მთავარი არხი“ მაყურებელს „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატების შესახებ აწვდის ინფორმაცის, თითქმის ორი თვეა გადის ყველა საინფორმაციო გამოშვების ბოლო ნაწილში. ეკრანზე ჩნდება წარწერა („იცნობდეთ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს“), შემდეგ კი ჩანან დეპუტატები და ცხადდება მათი სახელები და გვარები. საპარლამენტო უმრავლესობამ, რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის მონაწილეობით, მაისში მიიღო „აგენტების კანონი“, რამაც ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოიყვანა. პარტნიორი ქვეყნები ხელისუფლებას ეუბნებიან, რომ ეს კანონი ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. три მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ ვიდეორგოლის მიზანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „პოტენციურად მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების არჩევის ხელშეშლა“. „ტელევიზიაში გავიდა ვიდეორგოლები, სადაც ნეგატიურ კონტექსტში ნაჩვენები და დასახელებული იყვნენ პარლამენტის ის წევრები, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირეს“, - წერია კომუნიკაციების კომისიის მიერ 25 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში. სხდომას, სადაც „მთავარი არხის“ სანქცირების საკითხი წყდებოდა, შვებულებაში ყოფნის გამო ვერ დაესწრო ტელეკომპანიის იურისტი. ამის შესახებ ინფორმირებული იყო კომუნიკაციების კომისია. „ეს არის საინფორმაციო გამოშვების ნაწილი, საზოგადოების ინფორმირებას ისახავდა მიზანს და არ არის სარეკლამო რგოლი. პარლამენტმა მიიღო რუსული კანონი და მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს იმ დეპუტატების სახელი, ვის გამოც ქვეყანას შეუჩერდა ევროინტეგრაცია. როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია არ მოსწონდა კომისიას და საინფორმაციო მასალას მიანიჭა პოლიტიკური რეკლამის სტატუსი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამთა მურადაშვილმა, არხის იურისტმა. მან დასძინა, რომ საინფორმაციო რგოლების ამოღება ივლისის ბოლოს იგეგმებოდა. იმის გამო, რომ „მთავარ არხს“ ბოლო ერთ წელიწადში მსგავსი დარღვევა კომუნიკაციების კომისიამ ვერ აღმოუჩინა, მარეგულირებელმა ტელეარხის წინააღმდეგ სანქციად „წერილობითი გაფრთხილება“ გამოიყენა. არხი ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ასევე ნახეთ საკონსტიტუციომ პოლიტიკური რეკლამის ტელეეთერში გაშვება აკრძალა - რატომ? ...