ბელგიის პროკურატურამ ჩეჩნური წარმოშობის სამი პირი დააკავა ტერაქტის ორგანიზების მცდელობის ბრალდებით. გამოძიების თანახმად, ისინი შესაძლოა დაკავშირებულნი იყვნენ მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ფილიალთან („ხორასანი"). 26 ივლისს, რამდენიმე ქალაქსა და 14 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკისას, სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს. ყველა მათგანი ჩეჩნური წარმოშობისაა. გამოკითხვის შემდეგ ოთხი დაკავებული გაათავისუფლეს. ბელგიის პროკურატურა აცხადებს, რომ ამ დროისათვის, არ იკვეთება, დაკავების მომენტში, უკვე ჰქონდათ თუ არა ბრალდებულებს შერჩეული ტერორისტული აქტის სამიზნე. ბელგიის მედიის ცნობით, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ პარიზში, ოლიმპიური თამაშების დაწყების პარალელურად. საფრანგეთში, ანტიტერორისტულ საკითხებზე პასუხისმგებელი პროკურორი აცხადებს, რომ საფრანგეთში ჩხრეკა და დაკავებები არ განხორციელებულა, თუმცა არ დაუზუსტებია, მონაწილეობდა თუ არა საფრანგეთი გამოძიებაში. მაისში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დააკავეს „ისლამური იდეებით შთაგონებული“, ჩეჩნური წარმოშობის ახალგაზდა კაცი, რომელიც გეგმავდა თავდასხმას ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის დროს, ქალაქ სენტ-ეტიენში. ერთი თვის თავზე, სტრასბურგსა და ქვემო რეინის დეპარტამენტში მასობრივად დააკავეს ჩეჩნური წარმოშობის პირები. ...