27 ივლისს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. პირველი მათგანი იქნება გიორგი სარდალაშვილი, 60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ძიუდოში. ასპარეზობა ძიუდოში თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება. 27 ივლისს იასპარეზებს მოფარიკავე სანდრო ბაზაძეც. გულშემატკივარი დიდ იმედს ამყარებს ევროპის ჩემპიონ და მსოფლიო პრიზიორ 30 წლის მოფარიკავეზე. მისთვის პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები მესამე ოლიმპიადა იქნება. დღესვე ჩაერთვება ასპარეზობაში 55 წლის ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე. მისთის „პარიზი 2024“ მეათე ოლიმპიური თამაშები იქნება. ეს ქალთა შორის მსოფლიო რეკორდია და, ამასთანავე, გაიმეორებს ლეგენდარული კანადელი ცხენოსნის იან მილარის რეკორდს. ნინო სალუქვაძე 27 ივლისს 10-მეტრიანი დისტანციიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა. 27 ივლისს შედგება 15 წლის მოცურავის, ანა ნიჟარაძის დებიუტი ოლიმპიადაზე. ის ქართული ოლიმპიური დელეგაციის ყველაზე პატარა წევრია. პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები 28 სპორტსმენისგან შედგება, მათგან 7 ქალია. ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა - ქართველი ათლეტები სპორტის ამ 9 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას. ...