შაბათს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაქვეყნა შეტყობინება, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულია, რომ ექვსი დღის წინ, 21 ივლისს, მოსკოვის ოლქში მილისა და კამოვის სახელობის ვერტმფრენების წარმოების ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე განადგურდა ორი ვერტმფრენი, მი-28 და კა-226, რომლებიც „უკრაინის წინააღმდეგ ომში იქნა გამოყენებული“. მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ასევე გამოაქვეყნა თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეო. მასში ჩანს კვამლი, რომელიც, სავარაუდოდ, ქარხნის ტერიტორიიდან ადის ცაში. რადიო თავისუფლებამ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს შეტყობინებაში მოცემული ინფორმაციის არაერთი დადასტურება აღმოაჩინა. კერძოდ, ნაპოვნია უკრაინის სპეცსამსახურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერის ორიგინალური წყარო: ის სოციალურ ქსელ „ვკანტაკტეში“ გამოქვეყნდა 21 ივლისს, დილის 8:28 საათზე. პოსტის ავტორი წერს, რომ აფეთქებები 5 წუთის წინ გაიგო. ასევე ნახეთ უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ დარტყმები განახორციელა აეროდრომზე მურმანსკის ოლქში ვიდეოს გეოლოკაციის თანახმად, ის გადაღებულია მეფრინველეობის ფერმის მიკრორაიონში ტომილინოში, სავაჭრო ცენტრ „არბატსკის“ მახლობლად, კამერა მართლაც ვერტმფრენის ქარხნისკენ არის მიმართული. პოსტის კომენტარების ავტორები ასევე წერენ საწარმოს ტერიტორიაზე აფეთქებებისა და ხანძრის შესახებ. ჯერჯერობით არ მოიპოვება იმის დამოუკიდებელი დადასტურება, განადგურდა თუ არა შვეულმფრენები. შაბათს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ასევე განაცხადა, რომ 24 ივლისს სამარაში, კრიაჟის აეროდრომზე დაიწვა მრავალფუნქციური სამხედრო ვერტმფრენი მი-8. რადიო თავისუფლებამ ამ ინფორმაციის მტკიცებულებები ვერ მოიპოვა. ...