ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ 28 ივლისს ოფიციალურად გამოუცხადა მხარდაჭერა ახალი პრეზიდენტის თანამდებობაზე მასუდ ფეზეშქიანს და მას დაავალა, ყურადღების ცენტრში იქონიოს ირანის ურთიერთობები მეზობლებთან და არა დასავლეთის ქვეყნებთან. თავის ბრძანებულებაში ხამენეიმ ფეზეშქიანს უწოდა „ბრძენი, პატიოსანი, პოპულარული და განსწავლული“ ადამიანი. ხამენეი ირანში უმაღლესი რელიგიური და პოლიტიკური ავტორიტეტია და მას გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ყველა სახელმწიფო საკითხში. ასევე ნახეთ ირანის ახალი „პრინციპული რეფორმისტი“ პრეზიდენტი ხამენეიმ თქვა, რომ ფეზეშქიანის მთავრობის საგარეო პოლიტიკამ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს „სახელმწიფოებს, რომლებიც ირანს მთელი ამ წლების განმავლობაში უჭერდნენ მხარს როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარედან მომდინარე ზეწოლის პირობებში“. ხამენეის მხრიდან მხარდაჭერის მიღების შემდეგ ფეზეშქიანმა თავის გამოსვლაში ისაუბრა „რეფორმების აუცილებლობაზე“, მაგრამ დასძინა, რომ ის შეეცდება „განახორციელოს უზენაესი ლიდერის გენერალური პოლიტიკა“. ...