რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ დაადასტურა თავისი დაქირავებულების დაღუპვა ტუარეგ მეამბოხეებთან ბრძოლებში. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა „ვაგნერს“ არ დაუზუსტებია, მხოლოდ აღნიშნავს, რომ ბრძოლა აფრიკის სახელმწიფო მალის შტატის ჩრდილოეთით, ალჟირის საზღვარზე მოხდა. ომის მომხრე რუსულმა ტელეგრამის არხებმა ადრე „ვაგნერის“ დაქირავებულთა დანაკარგების შესახებ სხვადასხვა რიცხვი დაასახელეს. მათი ცნობებით, დაღუპული უნდა იყო 20-დან 50-მდე „ბოევიკი“. ბიბისის რუსული სამსახურის წყარო, რომელიც ადრე „ვაგნერში" მსახურობდა, ამტკიცებს, რომ მალიში, სულ მცირე, 82 დაქირავებული ჯარისკაცი დაიღუპა. „ვაგნერის“ ოფიციალური არხის ცნობით, ბრძოლა 22-დან 27 ივლისამდე მოხდა სოფელ ტინ-ზაუტინის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრძოლაში მონაწილეობდნენ მალის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მე-13 რაზმის მებრძოლები, რომლებსაც სერგეი შევჩენკო, ფსევდონიმით „პრუდი“, მეთაურობდა. როგორც ტელეგრამის არხი „რაზგრუზკა ვაგნერა“ წერს, მალი-ალჟირის საზღვრიდან დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებით, ქვიშის ქარიშხლის გამო კოლონების მსვლელობა შეჩერდა. ადგილობრივმა ამბოხებულებმა, რომლებმაც ბუნებრივი პირობებით ისარგებლეს, ჩასაფრება მოაწყვეს. „ვაგნერთან“ დაახლოებულმა რუსულმა არხებმა გამოაქვეყნეს მალიდან მიღებული ფოტოები. მათზე ჩანს დაღუპულთა ცხედრები და დამწვარი ტექნიკა. დატყვევებული რუსების ვიდეო კი არხმა „როსიჩმა“ გაავრცელა. ცნობებში ნათქვამია, რომ მეამბოხეებმა, სულ მცირე, ერთი შვეულმფრენი მი-24 გაანადგურეს. ასევე „ვაგნერთან“ დაახლოებული ერთ-ერთი ტელეგრამის არხი ავრცელებს ალყის დროს სამხედრო კომპანიის ერთ-ერთი მეთაურის, ანტონ ელიზაროვის („ლისა“) დაღუპვის ცნობას. სხვა მილიტარისტული არხი კი უარყოფს ელიზაროვის დაღუპვას, მაგრამ ამტკიცებს, რომ იგი ტყვედ ჩავარდა და უკვე „გაცვალეს“. „ვაგნერის“ მეთაურის ბედის შესახებ დამოუკიდებელი ცნობები არ არსებობს. 2022 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად მალიში ხელისუფლებაში მოვიდა ხუნტა პოლკოვნიკ ასიმი გოიტას ხელმძღვანელობით. ხუნტა ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობებს რუსეთთან. გოიტას ძალაუფლებას მხარს უმაგრებენ ასევე შეიარაღებული სტრუქტურები, რომლებიც რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ არიან დაკავშირებული. ტუარეგები ბერბერთა (მკვიდრი ეთნიკური ჯგუფი ჩრდილოეთ აფრიკაში) მოდგმის ხალხია ტრადიციული მომთაბარე ცხოვრების წესით. ძირითადად სახლობენ მალის, ლიბიისა, ალჟირისა და ნიგერის ტერიტორიებზე. 2012 წელს ჩრდილოეთ მალიში ტუარეგებმა დამოუკიდებელი სახელმწიფო აზავადი გამოაცხადეს. მოგვიანებით სამთავრობო ძალებმა ტუარეგებით დასახლებული ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დაიკავეს, მაგრამ მეამბოხეები კვლავ აქტიურობენ ქვეყნის ჩრდილოეთით. ბევრ ქვ...